"ბოლო დროს, ვენეციის კომისია საქართველოსთვის მიუღებელ რეკომენდაციებს იძლევა. ერთ შემთხვევაში თუ ის ამბობს, რომ ისეთი მექანიზმი ჩავდოთ სარჩევნო კოდექსში, რომელიც პარტიებს მისცემს საშუალებას, თან რადიკალურ პარტიებს და მგონია, რომ ეს განზრახ არის და უკაცრავად თუ ვინმეს რამეს ვაბრალებ, მაგრამ ამისი ნიშნები უკვე იკვეთება აშკარად, რომ საბოტაჟის საშუალება მიეცეთ პარტიებს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე ცდილობენ ხელისუფლების ოპონენტები, რომ დაამკვიდრონ ცრუ ნარატივი, თითქოს ცესკო ერთპარტიულია.
"მერე გამოდიან ჩვენი ოპონენტები და აბსოლუტურად სპეკულაციურად, ამის გამოყენებით, ამბობენ, რომ ცესკო ერთპარტიულია, როცა ჩვენი ჩათვლით, 9 პარტიაა წარმოდგენილი, მათ შორის, 8 ოპოზიციური პარტია და 8 პროფესიული წევრი. ანუ, პარტიული წარმომადგენლობა ზოგადად, უფრო მეტია, შესაბამისად, ერთპარტიულობა არის ცრუ ნარატივი, რომელიც მათმა ტელევიზიებმა - "ნაცმოძრაობის" ტელევიზიებმა და პოლიტიკოსებმა დანერგეს მათ შორის, ვენეციის კომისიის ამ მცდარი დასკვნის გამოყენებით." - აღნიშნა მდინარაძემ.
მან ასევე ისაუბრა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვენეციის კომისიის დასკვნაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ კომისიას არათუ ახლა დაგეგმილი კონსტიტუციური ცვლილებები არ მოსწონს, არამედ ისინი ითხოვენ კონსტიტუციაში 2017 წელს გაკეთებული ჩანაწერის ამოღებას, რომლის თანახმადაც კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.
მდინარაძის შეფასებით, ვენეციის კომისიის ყველა ბოლოდროინდელი რეკომენდაცია, მიუღებელია საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლებისთვის.
"მეორე შემთხვევაში, როდესაც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზეა საუბარი, ვენეციის კომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ არათუ ის არ მოსწონთ რასაც ახლა შევიტანთ ჩვენ კანონების ცვლილებების და ნორმების ცვლილებების სახით და კონსტიტუციაში რა ცვლილებებსაც ვგეგმავთ, არამედ, რაც არის, ისიც ამოშალეთო. ანუ, ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეთო, 2017 წელს რაც ჩავწერეთ, რასაც საქართველოს მოსახლეობის და ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმა და არ არის სადავო საკითხი. ხომ ხედავთ, რომ ვერ ბედავენ ამაზე ხმის ამოღებას და ახლა ჩვენ გარედან ვიხილავთ დარტყმებს ამ თემებზე. პირველი დარტყმა ვენეციის კომისიისგან წამოვიდა. კონსტიტუციაში 2017 წლის ჩანაწერზეც კი გვეუბნებიან, რომ ამოვიღოთ, იმიტომ, რომ თურმე, უნდა დავაკანონოთ ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ამიტომ, ვენეციის კომისიის ბოლოდროინდელი ყველა რეკომენდაცია, აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოსთვის, მისი ხელისუფლების და ქართული საზოგადოებისთვის", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.