"სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არის დესტაბილიზაციის, ქაოსის და ომის ქარტია" - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, ქარტია პირდაპირ აანონსებს პოლიტიკურ შურისძიებას.
"სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არის დესტაბილიზაციის, ქაოსის და ომის ქარტია. ქარტია პირდაპირ აანონსებს პოლიტიკურ შურისძიებას. წარმოიდგინეთ, ეს რადიკალური ოპოზიცია როგორ იყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ძალაუფლებას, როგორ აკომპლექტებენ დროებით მთავრობას, ატარებენ არჩევნებს, რათა შემდეგ კიდევ ერთი არჩევნები ჩაატარონ.
ვხედავთ, რომ ოპოზიცია თავად არ არის ჩამოყალიბებული, ერთიანდებიან თუ ერთდებიან ამ ქარტიის გარშემო. ის, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აღიარეს ევროპული ფრონტის ხელმძღვანელად, ადამიანი, რომელსაც რუსეთის აგენტს ეძახდნენ წინა წლებში და გაყალბებული არჩევნების შედეგად მოსულ პრეზიდენტად მოიხსენიებდნენ, ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია და აჩვენებს, პარლამენტში რამდენად უთავმოყვარეო და არათანმიმდევრული რადიკალური ოპოზიცია გვყავს", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა პარტიებს ქართული ქარტია წარუდგინა. სამოქმედო გეგმის მიხედვით, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოაწერონ ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნების შემდეგ, ისინი ტექნიკურ მთავრობას შექმნიან, გააუქმებენ გამჭვირვალობის შესახებ და სხვა კანონებს. იმუშავებენ რეფორმებზე, რის მერეც, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ.