16 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის საბოლოო მიღება და მწვავე პოლიტიკური განცხადებები - რა ხდებოდა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე

პლენარული სხდომა, ტრადიციულად 12 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური განცხადებებით გახსნა. იქამდე სანამ, დეპუტატები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას დაიწყებდნენ, ტრიბუნა კანონის გასაკრიტიკებლად გამოიყენეს.

სიტყვა - ისტორია და ღალატი, დეპუტატებმა დღეს სხდომაზე ყველაზე მეტჯერ ახსენეს, როგორც ოპოზიციამ, ისე სახელისუფლებო პარტიამ. მსგავს განცხადებებს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.

ისმოდა ურთიერთბრალდებებიც. სახელისუფლებო გუნდმა ოპოზიციას წარსულიც გაუხსენა.

ამის შემდეგ, ზვიად გამსახურდიას სახელი და გვარი მისი სახელობის პლენარულ სხდომათა დარბაზში კიდევ რამდენჯერმე გაისმა. ოპოზიციისთვის შალვა პაპუაშვილის განმარტებები გაუგებარი და არასაკმარისი აღმოჩნდა.

დღევანდელ სხდომას არც სანქციების ხსენების გარეშე ჩაუვლია. ოპოზიციაში თქვეს, რომ ასეთ შემთხვევაში პრობლემა არა მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატებს, არამედ მთელ ქვეყანას შეექმნება. მმართველმა ძალამ კი, დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა ყველასგან - როგორც ოპოზიციისგან, ისე პარტნიორებისგან, კანონის საწინააღმდეგო არგუმენტის დასახელება.

მრავალსაათიან სხდომაზე, ოპოზიციის მთავარი მოპასუხე დღეს პარლამენტის თავმჯდომარე იყო. დეპუტატებს მასთან არაერთი შეკითხვაც ჰქონდათ, მათ შორის, მის განცხადებებზეც.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გარდა, დეპუტატებს სახელისუფლებო გუნდიდან არც სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციისთვის შეთავაზება გამორჩენიათ. ითქვა, რომ გამჭვირვალობის კანონმა ძალაში შესვლამდე უკვე იმოქმედა და საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, ვინ რა მიზნით მოქმედებს.

პოლიტიკური გამოსვლები საკანონმდებლო ორგანოში, დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დაიწყეს.

დღის ამბები