16 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
პოლიტიკური განცხადებები და მძიმე ურთიერთბრალდებები პარლამენტში - ვეტოს დაძლევამდე, გამჭვირვალობის კანონს დეპუტატები რამდენიმე საათი მწვავე კამათის ფონზე განიხილავდნენ

საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას წინ უძღოდა პოლიტიკური განცხადებები და პრეზიდენტის ვეტოს განხილვა, რა თქმა უნდა მძიმე ბრალდებებით - სამშობლოს გაყიდვას და მონობას ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებდა. იყო წყლის შესხმაც.

სალომე ზურაბიშვილის პოზიცია მისმა საპარლამენტო მდივანმა წარადგინა, თუმცა დღესაც თავი აარიდა დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას. დამაზუსტებელ შეკითხვებს არ უპასუხა, მაგრამ დააზუსტა გუშინდელი პასუხი "იმიტომ".

იმიტომ, რომ არის ანტიევროპული, ანტიქართული და მაშასადამე, რუსული - განაცხადა სალომე ზურაბიშვილის საპარალმენტო მდივანმა.

მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ გიორგი მსხილაძესთან საუბარმა კითხვა-პასუხის ფორმატში გადაინაცვა. ოპოზიცია აქცენტის გაკეთებას კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლზე ითხოვდა, რომელსაც კანონი ეწინააღმდეგება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების რეაქცია გიორგი მსხილაძის დამოკიდებულებას მოჰყვა. "ხალხის ძალის" წევრმა დაჩი ბერაიამ მისი კითხვის უპასუხოდ დატოვება გააპროტესტა. სახელისუფლებო გუნდის წევრების შეფასებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი წინასწარ იყო მომზადებული იმ კითხვებისთვის, რომელსაც ოპოზიცია დასვამდა, უმრავლესობას კი, მათივე თქმით, დემონსტრაციულად არ უპასუხა.

არც დამატებითი არგუმენტების დასახელებას და ასევე არც დამაზუსტებელი შეკითხვებისთვის ამომწურავად პასუხის გაცემას რომ არ გეგმავდა, ეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ტრიბუნიდანვე განაცხადა.

კანონის შინაარსთან დაკავშირებით არა, თუმცა ვეტოს დაძლევის მორალურ მხარეს უკავშირდებოდა გიორგი მსხილაძის გამოსვლის ერთ-ერთი ნაწილი.

პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობისთვის და მისი დაძლევისთვის დაახლოებით 7 საათი დასჭირდა.

დღის ამბები