26 ოქტომბერს არის არჩევნები, თუ ვინმეს რაიმეს იმედი აქვს, გამოვიდეს 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მიიღებს პასუხს საბოლოო ჯამში ამ ყველაფრისთვის, რაც ამ 2-3 თვის განმავლობაში ქართველმა ხალხმა ნახა - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას.
"დაღალეს ეს ხალხი და კალმები დაღალეს ხელმოწერების შეგროვებით. 26 ოქტომბერს არის არჩევნები, თუ ვინმეს რაიმეს იმედი აქვს, გამოვიდეს 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მიიღებს პასუხს საბოლოო ჯამში ამ ყველაფრისთვის, რაც ამ 2-3 თვის განმავლობაში ქართველმა ხალხმა ნახა. ნატამალი ამაში ქართული პოლიტიკისა არ იყო, მთლიანად დადგნენ უცხო ქვეყნების მხარეს და ამაზე პასუხს მიიღებენ.
რაც შეეხება ქალბატონი სალომეს რაღაც ინიციატივებს, მე პირადად უკვე დიდი ხანია რაიმე რაციონალურს და გონივრულს, ხალხის ინტერესებთან დაკავშირებულ ინიციატივებს აღარ ველი და ყოველ ჯერზე ეგ მართლდება ხოლმე. ესეც არის კიდევ ერთი სპეკულაცია, რომელიც, როგორც ჩანს, რაღაც სპონტანურად წარმოშობილი აზრი არის და ფიქრისთვის დრო არ არის დახარჯული ზედმეტად," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა მოქალაქეებს რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვება შესთავაზა. პრეზიდენტმა ამ ახალი ინიციატივის შესახებ გუშინ, აქციაზე ჩართვის დროს განაცხადა და თქვა, რომ რეფერენდუმი შეეხება მოქალაქეების სურვილს, როგორი მომავალი სურთ მათ - ევროპული თუ რუსული.