დაპირისპირება პარლამენტში - სხდომაზე, ტექნიკური შესვენების დროს, რომან გოცირიძეს დაჩი ბერაიამ და მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"ხალხის ძალის" წევრების ქმედება, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს მოჰყვა - ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დაწერა, რომ კანონს მხარს არ უჭერენ წესიერი და პატიოსანი მოქალაქეები, მხარდამჭერები კი სხვადასხვა ეპითეტით მოიხსენია, მათ შორის იყო - გაყიდული, უთავმოყვარეო, მოღალატე.
"ეს არის ჩვეულებრივი ქართული სიტყვები, რომლებიც ყველა დეპუტატზე არ ვიხმარე. ვთქვი, რომ ზოგიერთი დეპუტატები იმსახურებენ ყველა ამ შეფასებას და ზოგიერთმა საკუთარ თავზე მიიღო. რაღაც ყიყინი დაიწყეს. ვის ეშინია დაჩი ბერაიასი? როდესაც ასეთი ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგავართ, მათი ასეთი აგრესიული შეძახილები ვერავის შეაშინებს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ამასთან, დაჩი ბერაია აცხადებს, რომ, სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო, ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
"რომან გოცირიძემ უშვერი სიტყვებით ლანძღა ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერდა "გამჭვირვალობის კანონს", რის გამოც ჩვენგან ადეკვატური პასუხი მიიღო. არცერთ ადამიანს არ გავუტარებთ და არ ვაპატიებთ შეურაცხყოფას, მით უმეტეს, როდესაც ეს შეურაცხყოფა ეხება ხალხს. რა თქმა უნდა, რომან გოცირიძეს არ მოვუხდი ბოდიშს, რადგან მის მიმართ ჩვენი რეაქცია იყო ადეკვატური იმ უმსგავსობისა და სიბინძურის გამო, რომელიც მან ჩაიდინა", - განაცხადა დაჩი ბერაიამ.