თბილისში მიღებულ გადაწყვეტილებას, პასუხი ვაშინგტონიდან მალევე მოჰყვა. ბრიფინგი მეთიუ მილერმა სწორედ საქართველოზე საუბრით გახსნა და თქვა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი" ევროპულ ნორმებთან შესაბამისი არ არის. სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ შესაძლოა, ვიზებზე წვდომა შეეზღუდოთ მათ, ვინც საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს აზიანებს. ითქვა ისიც, რომ გადაიხედება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებიც. მოგვიანებით, ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას თეთრ სახლშიც გამოეხმაურნენ.
გზავნილები ვაშინგტონიდან მიუღებელია სახელისუფლებო გუნდისთვის, სადაც ამბობენ, რომ ორმხრივ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის სწორედ მსგავსი რიტორიკა აზიანებს. "ქართულ ოცნებაში" დღეს განმარტეს, რომ პარტნიორობა ცალმხრივი არ უნდა იყოს. ითქვა ისიც, რომ შეერთებული შტატების კომუნიკაცია, ბოლო დროს, შანტაჟის ფორმას იღებს.
ვეტოს დაძლევას და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" საბოლოოდ მიღებას ევროკავშირიდანაც ეხმაურებიან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ ეს კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას და საკითხი მომდევნო ევროკომისიის სხდომის დღის წესრიგშიც შევიდა. განცხადებას ავრცელებს თავად ევროკომისიაც და ოპოზიციაც რეაგირებას მათგან ელოდება.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პარტნიორების შეფასებები, ხშირ შემთხვევაში, გადაჭარბებულია. სახელისუფლებო გუნდში, დღეს, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ 2 თვის განმავლობაში, არგუმენტი, რატომ არის კანონი მიუღებელი, ვერ მოისმინეს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე არ ემუქრება.
დასავლეთის კრიტიკას გუშინვე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი და პარტნიორებს საკითხზე დისკუსია კიდევ ერთხელ შესთავაზა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ საქართველოსთან მიმართებით, დასავლეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე" კრიტიკა დასავლეთიდან დაინფიცირების დღიდან ისმის.