კანონს, რომელზეც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, ხელს შალვა პაპუაშვილი მოაწერს. ახალი რეგულაციები ძალაში შევა და, კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 60 დღის ვადაში, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა" რეესტრი უნდა შექმნან. ამის შემდეგ, უკვე სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაცია სავალდებულო ხდება იმ იურიდიული პირებისთვის, რომლებიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ. თუ ასეთი ორგანიზაციები, ერთი თვის ვადაში, ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდებიან, მათ იუსტიციის სამინისტრო დააჯარიმებს და თავად დაარეგისტრირებს.
"დემოკრატიული ინიციატივა", "საია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა", "ISFED-ი" და კიდევ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებს. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება კენჭისყრის შემდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე გამოაცხადეს. გაავრცელეს ერთობლივი განცხადებაც. "კურიერის" არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღეს მათ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს - სხვადასხვა მიზეზით. ნაწილი ინტერვიუზე ჯერ დაგვთანხმდა, მოგვიანებით კი პოზიცია შეცვალა.
კანონის ავტორები განმარტავენ, რომ რეგისტრაციისგან თავიდან არიდება მხოლოდ ფინანსურ სანქციას ითვალისწინებს, რაც 25 000 ლარით განისაზღვრა. დამატებითი უარის შემთხვევაში კი, ორგანიზაციას, განმეორებით, იგივე რაოდენობის ჯარიმა დაეკისრება. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 30 დღე აქვს იმის შესამოწმებლად, აკმაყოფილებს თუ არა დეკლარაცია შევსების კრიტერიუმებს. კანონში არის ჩანაწერი ხარვეზების გასწორების ვადებსა და შესაბამის სანქციებზეც. იუსტიციის სამინისტროს აქვს მონიტორინგის ფუნქციაც.
არასამთავრობო ორგანიზაციების ბოიკოტს მხარს უჭერს ოპოზიცია. მათ შორის ის პარტიები, რომლებიც, კანონის მიღების შემდეგ, თავადაც საპარლამენტო ბოიკოტში არიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კანონი ანტიკონსტიტუციურია და ის მესამე სექტორის რეპუტაციას აზიანებს.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონმა ამოქმედებამდე უკვე აჩვენა, ვინ უჭერს მხარეს გამჭვირვალობას და ეროვნულ ინტერესებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის პოზიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა კანონის მიღების საჭიროება.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომლებიც კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, დეკლარაციის შევსების ვალდებულება წელიწადში ერთხელ უჩნდებათ, სადაც მათ წინა წელს მიღებული შემოსავლები უნდა გაასაჯაროონ.