საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ფონდ "ფეა თრიიზ"-ის განცხადებას გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ფონდის საბჭო "ლელო" ლიდერებითაა დაკომპლექტებული და ეს შემთხვევითი არ არის.
მისივე თქმით, თუ რომელიმე დონორი ორგანიზაცია უარს იტყვის საქართველოში არსებული პროექტების გაგრძელებაზე, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ მართლაც ჰქონდათ "სხვა ინტერესები".
"შემთხვევითი არ არის, რომ "ლელოს" ლიდერებითაა დაკომპლექტებული ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მმართველი საბჭო და არც ისაა შემთხვევითი, რომ საბჭოს წევრები წაშალეს ვებგვერდიდან მას შემდეგ, რაც ეს საკითხი საზოგადოებისა და ხელისუფლების ინტერესის საგანი გახდა.
ეს არის წინასწარ შემუშავებული გეგმა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვიდეს და თქვას, რომ თითქოს, ის წყვეტს საქმიანობას, დაფინანსება შეუწყდა და აღარ აპირებს იმ სერვისებისა და პროექტების გაგრძელებას, რომელზეც ამტკიცებდნენ წინა დღეებში, რომ ეს იყო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში.
რეალურად, ამ კანონს არანაირი წინააღმდეგობა არ შეუქმნია თუნდაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობისთვის, პირიქით - დადგინდა, რომ თურმე, მუნიციპალიტეტი აფინანსებდა ამ სერვისის შექმნას თავიდან ბოლომდე და არასამთავრობო ორგანიზაციას მხოლოდ მისი გამოყენება ევალებოდა.
თუ რომელიმე დამფინანსებელი უარს იტყვის პროექტების გაგრძელებაზე, პირდაპირ ჩაითვლება, რომ მათ მართლაც ჰქონდათ სხვა ინტერესები და ამ სერვისებსა და პროექტებს მხოლოდ გარე ჩარევის გადასაფარად ახორციელებდნენ. სხვანაირად, ასეთი ტიპის საბოტაჟი ვერ იქნება გაგებული,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ ფონდი "ფეა თრიიზ"-ის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მიღებული კანონი უკვე ნეგატიურად აისახა მათ მუშაობაზე, რის გამოც ონის მერიასთან ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეაჩერეს.
მმართველი პარტია ფონდის განცხადებას "ლელოს" და მისი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებს.
ფონდის განცხადების საპასუხოდ, განცხადება გაავრცელა ონის მერიამ, რომელშიც ნათქვამია, რომ ფონდის გადაწყვეტილება სპეკულაციურია და არასწორ ინფორმაციას შეიცავს.