16 ნოემბერი 2024,   12:00
ვრცლად
საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი გამჭვირვალობის შესახებ, დანერგა გამჭვირვალობის რეესტრი, რომლის მსგავსიც ევროკავშირის 15 სახელმწიფოს აქვს - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონი ემსახურება ქვეყნის დემოკრატიის დაცვას გარე ჩარევისაგან. ამასთან, თალაკვაძე საფრანგეთში მიღებულ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, სადაც, საუბარია კანონის ტექსტზე, რომელზეც დეპუტატები და სენატორები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ შეთანხმდნენ.

"საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი გამჭვირვალობის შესახებ, დანერგა გამჭვირვალობის რეესტრი, რომლის მსგავსიც ევროკავშირის 15 სახელმწიფოს აქვს, მათ შორის, აშშ-ს, საფრანგეთს, ავსტრალიას, ისრაელს და სხვა ქვეყნებსაც. ეს ემსახურება ქვეყნის დემოკრატიის დაცვას გარე ჩარევისაგან. გარე ჩარევის მცდელობები რომ არის ეს კიდევ ერთხელ ამ დღეებშიც დაინახა ჩვენმა საზოგადოებამ," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გარდა ამისა, შეფასება გააკეთა პარლამენტის კიდევ ერთმა ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რომლის თქმითაც, საფრანგეთმა უკვე საბოლოოდ დაამტკიცა იმ კანონის ტექსტი, რომელსაც უყრიან კენჭს და რომელშიც გამკაცრებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის უცხოური ინტერესების გატარების ფარგლებში თუ ფიზიკური ან ქონების დაზიანება ფიქსირდება, ამაზეც კონკრეტული სასჯელია. წილოსანისვე შეფასებით, სამწუხაროა, რომ ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობენ უცხოელი პარტნიორები საქართველოსთან მიმართებაში.

ცნობისთვის, საფრანგეთში დეპუტატები და სენატორები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ. დოკუმენტი ითვალისწინებს უცხო ძალის სასარგებლოდ მოქმედი იმ აქტორების რეგისტრაციის ვალდებულებას, რომლებიც გავლენას ახდენენ საფრანგეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. კანონი აძლიერებს საგამოძიებო საშუალებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია დაზვერვის სამსახურებისთვის. ახალ ტექსტში მოცემულია მუხლი, რომელიც გულისხმობს სასჯელის გაზრდას საკუთრებაზე ან პირებზე თავდასხმისთვის, თუ ეს დანაშაულები ჩადენილია "უცხოური ინტერესების გატარების მიზნით." დანაშაულისთვის, რომელიც ჩვეულებრივ ისჯებოდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთით, სასჯელი, ექვს წლამდე გაიზრდება. აქამდე 30 წლით თავისუფლების აღკვეთით დანაშაულის ჩამდენს კი უვადო პატიმრობა ემუქრება. გაფართოვდა გავლენის ოპერაციების პოტენციური სამიზნეების სიაც.

 

დღის ამბები