16 ნოემბერი 2024,   15:05
ვრცლად
სტრასბურგს არ დაუდევს დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ან პოლიტპატიმარია ან არ არის პოლიტპატიმარი, ან დააშავა, ან არ დააშავა - სერგო ჩიხლაძე

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონგრესში გაკეთებული განცხადებები თბილისში პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, ის რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ამას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს.

“ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და შესაბამისად, არა ერთი დასკვნაა ამის შესახებ. რა თქმა უნდა, უნდა დასმულიყო მიხეილ სააკაშვილის საკითხიც. ის, რომ ის თითქმის ორი წელია “ვივა მედის“ კლინიკაშია, თავად მეტყველებს, რომ არ არის წესრიგში მისი ჯანმრთელობა. სტრასბურგს არ დაუდევს დასკვნა, რომ ის ან პოლიტპატიმარია ან არ არის პოლიტპატიმარი, ან დააშავა, ან არ დააშავა,“ - აცხადებს პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი“ წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს რომ კონგრესმენს ჰქონდა უფლება ეკითხა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, რადგან ის იყო საქართველოს პრეზიდენტი.

“ბუნებრივია, კონგრესმენს ჰქონდა უფლება ეკითხა მისი მდგომარეობა, იმიტომ რომ ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იყო დიდი ვნებათა ღელვა. მაგრამ, ახლა ამ მოცემულობაში პასუხიც იყო სრულიად ადეკვატური, რაც შეესაბამება რეალობას. მაშინ, როდესაც ქართული ოცნება თავს ესხმის ჩვენს სამოქალაქო სექტორს, ამ მოცემულობაში ეს თავდასხმა “ნაციონალური მოძრაობიდანაც“ იყო ადეკვატური,“ - აცხადებს თეონა აქუბარდია.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს თემაზე განხილვა გაიმართა. ერთ-ერთმა ამერიკელმა კანონმდებელმა, სტივ კოენმა საქართველოში 2012 წელს მისი ვიზიტი და “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ქვეყნის ციხეებში არსებული ვითარებაც გაიხსენა. საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილზეც, რომელიც სტივ კოენმა პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენია.

დღის ამბები