მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონგრესში გაკეთებული განცხადებები თბილისში პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. მმართველი გუნდი ოპოზიციის და ლობისტების დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სააკაშვილის ირგვლივ სპეკულაციებს წერტილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუსვა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საინტერესოა, რა ინფორმაციებზე დაყრდნობით ვრცელდება ის განცხადებები, რასაც პარტნიორები აჟღერებენ.
“თუ ვინმეს აინტერესებს ნამდვილი, ობიექტური ინფორმაცია, ვფიქრობ, თანამედროვე მსოფლიოში, თანამედროვე პირობებში, არც თუ ისე ძნელი მოსაპოვებელია, თუკი სურვილი არსებობს ასეთი რომ ობიექტურად გქონდეს სურათი, თუ რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. ასევე, შეუძლიათ ჩართონ ტელევიზორი და იხილონ მიხეილ სააკაშვილი ყოველ მეორე დღეს როგორ გამოიყურება,“ - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.