მოსმენა კონგრესში, უილიამ კორტნისა და სტივ კოენის განცხადებები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლის ნატალია საბანაძის და მესამე სექტორის სახელით მოქმედი ვანო ჩხიკვაძის გამოსვლები, "ხალხის ძალამ" საკუთარ ვრცელ წერილში მიმოიხილა. პარტიის წევრები წერენ, რომ ყველა ამ ძალის ერთობლივი მიზანი, საქართველოში ხელისუფლების ცვლილება და მეორე ფრონტის გახსნაა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც "ხალხის ძალა" წერილში საუბრობს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლს ეხება. ამ მუხლის ინგლისური და ქართული ვარიანტები პარტიის წევრებმა საკუთარ წერილს თან დაურთეს და თქვეს, რომ ქართული თარგმანის მეხუთე მუხლი ორიგინალისგან განსხვავებულია. უმრავლესობის დეპუტატების თქმით, დედნისგან განსხვავებით, ქართულ ვერსიაში ამოღებულია ის მთავარი ნაწილი, სადაც საუბარი სამხედრო ძალის გამოყენებაზეა.
ხელისუფლების ოპონენტებისთვის "ხალხის ძალის" პოზიცია ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლთან დაკავშირებით დეზინფორმაციაა. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ნატო-ს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა, პირდაპირ იწვევს კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ამოქმედებას.
"ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დეტალურად იცოდეს იმ ფაქტების შესახებ, რაზეც თავად საკუთარ ვრცელ წერილში ღიად საუბრობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ნატო-ში ინტეგრაცია უსაფრთხოების გარანტიების არ იძლევა.
"ხალხის ძალამ" ვრცელი წერილი დღეს გაავრცელა. პარტიაში ამბობენ, რომ მათი მიზანი საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაა.