ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი სტივ კოენმა ახსენა. კონგრესმენმა ექსპრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, თუმცა მანამდე ის დრაკონული ციხის სისტემის მმართველად მოიხსენია; მოგვიანებით კი განაცხადა, რომ სააკაშვილი ახლა თავად არის პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი და მას საშინლად ეპყრობიან.
კითხვის ადრესატი ნატალია საბანაძე იყო, რომელმაც საპასუხოდ ყველაფერი უარყო. თქვა, რომ სააკაშვილი კარგ პირობებშია და არგუმენტად სტრასბურგის სასამართლოც მოიყვანა. ახსენა სააკაშვილის პარტიის რეიტინგიც.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილის ისევ პოლიტპატიმრად მოხსენიება, სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, ადასტურებს, თუ რა მასშტაბის დეზინფორმაცია მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე საუბარიც ამ კამპანიის ნაწილია.
მძიმედ მოსასმენი აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობისთვისაც" სააკაშვილთან დაკავშირებული განცხადება, თუმცა მხოლოდ ის, რაც ნატალია საბანაძემ თქვა. ექსპრეზიდენტის პირობებსა და "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგზე საუბრის გამო, მას ანა წითლიძე სოციალურ ქსელში ღიად დაუპირისპირდა და გახარიას ყოფილ მრჩეველს ექსპრემიერის წარსული შეახსენა.
"სიმართლე მწარეა" - ასე უპასუხეს გახარიას გუნდიდან წითლიძეს, რომელმაც საკუთარ განცხადებაზე დღეს საუბარი აღარ ისურვა. კომენტარს არ აკეთებენ არც "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები, თუმცა მათი პარტნიორები მაინც ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია.
ციხის ნაცვლად რომ სააკაშვილი კლინიკაშია, ეს ფაქტი უმრავლესობისთვის კონგრესმენის განცხადების სიყალბის ყველაზე მკაფიო დადასტურებაა. ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკაში აქტიურად არის ჩართული, პოლიტიკურ პატიმრად ვერ ჩაითვლება - მით უმეტეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მსჯავრდადებული კონგრესში შემთხვევით არ უხსენებიათ.
ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, კონგრესმენ კოენის გარდა, მიხეილ სააკაშვილი აღარავის უხსენებია.