16 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
კანონპროექტი, რომელიც ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის და ლგბტ პროპაგანდის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს ადგენს - ოპოზიცია მას მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 17 მაისს გამართულმა სახალხო რეფერენდუმმა, კანონის მიმართ ხალხის მხარდაჭერა მკაფიოდ აჩვენა. სწორედ მოსახლეობის ლეგიტიმაციით იწყებს პარლამენტი კანონპროექტის განხილვას. ვიდრე საკანონმდებლო პაკეტი ბიუროზე დარეგისტრირდება, მმართველმა გუნდმა, სპეკულაციების გამორიცხვის მოტივით, მისი გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო.

ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი, საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს, ზღუდავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას. ოპოზიციისთვის "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტი", მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და განხილვის პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

მმართველ გუნდში, ცხოვრების წესის მიუხედავად, ყველა ადამიანის უფლებების დაცვასა და პარალელურად, ლგბტ პროპაგანდის პრევენციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საყოველთაო სახალხო განხილვებმა კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოების მხრიდან არსებული მხარდაჭერა.

"საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს მოსახლეობას პროპაგანდის საფრთხეებისგან დაიცავს" - ასე გამოეხმაურა დღეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ახალი პროექტის დაინიციირებას. ირაკლი კობახიძის განმარტებით, კანონი ცხოვრების წესის განურჩევლად, ადამიანის ყველა უფლებას ძალიან მკაცრად იცავს.

კონკრეტულად როდის დაიწყებს საკანონმდებლო ორგანო ახალ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას, ჯერ უცნობია, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ გარკვევით თქვა, რომ პირველი მოსმენით პროექტს უმრავლესობა, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შეძლებს.

დღის ამბები