საფრანგეთის მიერ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მიღებულმა კანონმა თბილისში კითხვები გააჩინა. მმართველ პარტიაში აქცენტს ორმაგ სტანდარტზე აკეთებენ და ამბობენ, რომ პარტნიორები და შიდა პოლიტიკური ძალები, გამჭვირვალობის კანონის გამო, საქართველოს უსამართლოდ აკრიტიკებდნენ. "ქართულ ოცნებაში" დღეს ისიც თქვეს, რომ ფრანგული დოკუმენტის შინაარსი, ქართული ვარიანტისგან განსხვავებით, ბევრად უფრო მკაცრია.
ხელისუფლების ოპონენტებისთვის საფრანგეთისა და საქართველოს კანონების შედარება არასერიოზულია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დოკუმენტები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. მათი თქმით, საქართველოში მიღებული კანონისგან განსხვავებით, ფრანგულ ტექსტში კონკრეტულად არის განსაზღვრული მტრული სახელმწიფოები და ის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ ეხება.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილება - უცხოური ჩარევის საწინააღმდეგო კანონის მიღებასთან დაკავშირებით ადასტურებს მხოლოდ ერთს - მსგავსი რეგულაციები ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია. სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობას ახლა აქვს კითხვა, თუ რატომ იყო პრობლემა საქართველოსთვის კანონის მიღება, მაშინ, როდესაც მსგავსი ევროპულ სახელმწიფოში უკვე დაამტკიცეს.
საფრანგეთის გადაწყვეტილება დღეს პრემიერ-მინისტრმაც შეაფასა და თქვა, რომ ქართული კანონი საქართველოს სუვერენიტეტის გამტკიცებას ემსახურება.
უცხოური ჩარევის საწინააღმდეგო კანონს საფრანგეთში რამდენიმე თვეა განიხილავენ, თუმცა, მისი საბოლოოდ დამტკიცება გუშინ მოხდა. კანონს მხარი 138-მა დეპუტატმა დაუჭირა.