ცესკოს განცხადება - ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმ ცრუ წარმოდგენებისა და არასწორი აღქმების შექმნაზე საუბრობენ, რომელიც კომისიის ირგვლივ გაკეთებული განცხადებებით იქმნება. ასევე, ამბობენ, რომ ამით ადმინისტრაცია და ზოგადად საარჩევნო გარემო ზიანდება. არსებული საფრთხეების პრევენციისთვის, არჩევნებამდე 5 თვით ადრე, ცესკომ განცხადება გაავრცელა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდა, იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები და, ამ ფორმით, ხელი შეუწყონ არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას.
კონკრეტული ძალების მხრიდან, არჩევნების დისკრედიტირების მცდელობაზე ამახვილებენ ყურადღებას მმართველ გუნდშიც. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ამის მიზანია - საზოგადოება წინასწარ შეამზადონ არეულობისა და რევოლუციური სცენარისთვის.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ცესკო სახელისუფლებო გუნდის რიტორიკას იმეორებს. თუმცა ოპოზიციურ სპექტრში განსხვავებული მოსაზრებაც არსებობს. პარტია "გირჩში" ფიქრობენ, რომ არჩევნებამდე წინასაარჩევნო გარემოს დისკრედიტირება კონტრპროდუქტიული შედეგის მომტანი იქნება.
ცენტრალური საარჩევნო სისტემა ოქტომბერში ჩანიშნული არჩევნების გამართულად ჩატარებას რომ უზრუნველყოფს, მმართველი გუნდი დარწმუნებულია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ 26 ოქტომბერს მოსახლეობა ოპოზიციას სათანადო პასუხს გასცემს.
ცესკოში აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ელექტრონული არჩევნების წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. სურვილის შემთხვევაში, სარჩევნო ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს დაინტერესებულ პირებთან შეხვედრისთვის, რათა მათ დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ახორციელებს.