ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გადახედვაზე განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა გააკეთა. მეთიუ მილერმა ბრიფინგზე, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.
პოტენციურ სანქციები, სავიზო შეზღუდვები და ფინანსური დახმარების გადახედვა - შტატები ახლა განიხილავს, რა ფორმით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება და როდის. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ეს მხოლოდ რიტორიკა არ არის და არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები.
ამერიკასთან ურთიერთობების გაჯანსაღება რომ სახელისუფლებო გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ეს დღეს "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან კიდევ ერთხელ ითქვა, თუმცა, პრემიერის განცხადებითვე, შანტაჟის ენა ამ პროცესს ხელს ვერ შეუწყობს.
სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიცია ლოგიკურს უწოდებს. ვითარების შეცვლის პერსპექტივას პარტიები კონკრეტულ ქმედებებში ხედავენ. ოპოზიციის უმრავლესობა ამერიკელ პოლიტიკოსებს ერთობლივი წერილით მიმართავს. საერთო განცხადების ადრესატი კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც, ამავე დროს, MEGOBARI ACT-ის ინიციატორია. ოპოზიცია შტატებისგან ითხოვს სწრაფად მოხდეს ამ კანონის მიღება.
წერილში ხელისუფლების ოპონენტები მოითხოვენ იმასაც, რომ კონკრეტული შედეგები დაუწესდეთ მათ, ვინც, მათივე შეფასებით, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და არღვევს ადამიანის უფლებებს. მოწოდებებს შორისაა კონგრესის დელეგაციის ვიზიტების ჩანიშვნა და ადამიანური და ფინანსური რესურსის მობილიზება იმისთვის, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვაშინგტონისგან სათანადო დაკვირვება მოხდეს.
წინმსწრებად სანქციებზე საუბარი სახელისუფლებო გუნდისთვის მიზანშეწონილი არ არის. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მუქარა მათზე არ მოქმედებს და სანქციების საფრთხის გამო ქვეყნის ინტერესები არ გადაიხედება. მათ ღალატის ნიშნები დაინახეს სწორედ იმ წერილშიც, რომელიც ოპოზიციის სახელით კონგრესმენს გაეგზავნა.
სუვერენიტეტის დაცვა და უცხო ქვეყნების ჩარევების საფრთხის არიდება - სწორედ ამ მიზეზებს ასახელებენ სახელისუფლებო ძალაში იმის არგუმენტად, თუ რატომ მიიღეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი.