"ქართული ოცნების" ქალი დეპუტატები მუქარის შემცველ შეტყობინებებს ასაჯაროებენ. შეურაცხმყოფელი მიმოწერები ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც, მისი თქმით, ე.წ. ბულინგმა სისტემატური ხასიათი მიიღო. მაკა ბოჭორიშვილი ვარაუდობს, რომ ამ კამპანიის მიღმა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, აქტივისტებიც დგანან.
შეურაცხმყოფელი შეტყობინებები მიწერეს ელისო ბოლქვაძესაც - "სქრინები" საკუთარ პირად "ფეისბუქ" გვერდზე მანაც ატვირთა. ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ბულინგის კამპანია დაახლოებით 1 წელია მიმდინარეობს, თუმცა, განსაკუთრებით მწვავე ფორმა ბოლო თვეებში მიიღო.
ე.წ. ბულინგის ფაქტებს ოპოზიციაში გმობენ, თუმცა, იქვე ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ მიზეზი "ქართული ოცნების" მხრიდან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მხარდაჭერაა.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქტივისტები დეპუტატებს, განსაკუთრებით კი ქალებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ემუქრებიან. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.
ზეწოლის, შეურაცხყოფის, დაშინებისა და ბულინგის ფაქტებზე სახელისუფლებო გუნდის დეპუტატები აქამდეც საუბრობდნენ. მეტიც, ნინო წილოსანმა საგამოძიებო უწყებას მიმართა. ვიცე-სპიკერი ამბობდა, რომ მას აედევნენ და ავტომანქანიდან უთვალთვალებდნენ.