16 ნოემბერი 2024,   14:59
ვრცლად
როგორ შეხვდა საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის მხრიდან დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული შეზღუდვის მიღმა არსებულ ინტერესზე საუბრობს. ვაშინგტონის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე, სახელისუფლებო პარტიის ლიდერების მხრიდან ითქვა, რომ იმ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის ინტერესს უკავშირდება, სანქციები გავლენას ვერ მოახდენს. ამერიკასთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობის გადატვირთვის მნიშვნელობაზე დღეს ისევ გაკეთდა აქცენტი, თუმცა ისიც ითქვა, რომ ასეთი მიდგომა ამ პროცესს ხელს ვერ შეუწყობს.

სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტის ამოქმედების შესახებ ვაშინგტონმა თბილისს 6 ივნისის ღამეს აცნობა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, შტატებში შესვლის აკრძალვა "ქართული ოცნების" წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებს და კერძო პირებს დაუწესდათ. მათ შორის, ინდივიდებს და მათი ოჯახის წევრებს, ვინც, დეპარტამენტის შეფასებით, პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. საუბარი სულ 20-იდან 30-მდე პირზეა, რომელთა ვინაობის გასაჯაროებაზე უარის თქმის მოტივად სავიზო მონაცემების კონფიდენციალურობა სახელდება.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით დაინიშნა ბრიფინგები ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები შტატების პოზიციას ლოგიკურს უწოდებენ და მოლოდინი აქვთ, რომ პარტნიორების მხრიდან, შესაძლოა, უფრო მკაცრი რეაგირებაც იყოს და სანქციების მექანიზმიც შეიცვალოს.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მიერ დაწესებული შეზღუდვები წერტილოვანია, ოპოზიციის ნაწილში ირწმუნებიან, რომ მას, ზოგადად, ყველაფერზე ექნება გავლენა. ხელისუფლების ოპონენტები არც იმას გამორიცხავენ, რომ შტატების შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილება ევროპულმა სახელმწიფოებმაც მიიღონ.

სავიზო შეზღუდვები დაწესებულია, თუმცა ბუნდოვანია ის, თუ ვის ეხება ეს სანქციები. სამიზნე პირთა წრე არ საჯაროვდება.

"შავი დღე დემოკრატიისთვის" - ასე უწოდეს დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. ამბობენ, რომ გაუგებარია, გამჭვირვალობის აუცილებლობა ანტიდემოკრატიულად როგორ უნდა შეფასდეს. სავიზო შეზღუდვების დაწესებას ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით უკვე მეორედ მიიღო. პირველ შემთხვევაში, ის 4 ყოფილ და მოქმედ მოსამართლეს, ასევე, ყოფილ გენერალურ პროკურორსაც შეეხო.

დღის ამბები