ევროკავშირის 27-ივე ქვეყანაში ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს, დღეს ნიდერლანდების ჯერია, სადაც ეგზიტპოლებით ულტრამემარჯვენეები ლიდერობენ.
ეგზიტპოლებით მის "თავისუფალ პარტიას" 7 დეპუტატი ეყოლება ევროპარლამენტში. ეს კი ნაციონალისტური პარტიისთვის დიდი მიღწევაა, რადგან წინა მოწვევის პარლამენტში დეპუტატის შეყვანა მხოლოდ ბრექსიტის შემდეგ გადანაწილებული ხმებით შეძლეს, თავისუფალ კონკურენციაში შედეგი არ ჰქონდათ, ახლა კი აქვთ.
უფრო მაღალი შედეგი აქვს მემარცხენეებისა და მწვანეთა კოალიციას ნიდერლანდებიდან, რომლებსაც ევროპარლამენტში სავარაუდოდ 8 დეპუტატი ეყოლებათ, თუ "იფსოსის" ეგზიტპოლი გამართლდა. განსხვავებით ვილდერსისგან, სადაც მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას არ ემხრობიან და არც ევროკავშირის იმგვარად შეცვლა სურთ, ეროვნულ კანონმდებლობას მეტი უფლებამოსილება რომ მიეცეს.
ევროპა, ძლიერ ეკონომიკასთან ერთად, მაღალი პოლიტიკური კლასიც რომ არის იმითაც ჩანს, რომ იდეოლოგიურად განსხვავებულმა პარტიებმა ერთმანეთს წინასწარი შედეგები მიულოცეს. რაც შეეხება საფრანგეთს, "იფოპის" კვლევებით, ასევე ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტია ლიდერობს. "ნაციონალურ ფრონტს" იქ მაკრონის პარტიის დამარცხება აქვს განზრახული. პროგნოზირებენ, რომ მათ შესაძლოა ხმების 33 % მოაგროვონ, მაკრონის "რენესანსმა" კი 15-18 %. მარი ლე პენის პარტია, ქარიზმატული ჯორდან ბარდელლათი ცდილობს ევროპული არჩევნები იმისთვის გამოიყენოს, რომ მაკრონის იმიჯი შეარყიოს, რაც 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩადებული ერთგვარი ინვესტიციაა.
საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნები 9 ივნისს ჩატარდება. ნიდერლანდებისა და ესტონეთის შემდეგ, ჯერი ჩეხეთსა და ირლანდიაზეა. არჩევნები ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაში ტარდება და კვირის ბოლოს უკვე ბრიუსელი გვეტყვის, როგორ გადანაწილდა ხმები 720 კაციან ევროპარლამენტში და რა პრეფერენციები აქვს ევროპელ ამომრჩეველს.
16-19 ივლისის პირველ პლენარულ სესიაზე კი გავიგებთ, ვინ იქნება ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი და ვისზე გააკეთებენ ევროპელი ლიდერები არჩევანს ევროკომისიის პრეზიდენტის შერჩევისას. ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადით მოსვლა სურს.