16 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
უკრაინის დახმარებას თუ არ გავაგრძელებთ, გაჩნდება საფრთხე, რომ პუტინის ჯარები პოლონეთთან საზღვარზე აღმოჩნდნენ - ანალენა ბერბოკი

უკრაინის დახმარებას თუ არ გავაგრძელებთ, გაჩნდება საფრთხე, რომ პუტინის ჯარები პოლონეთთან საზღვარზე აღმოჩნდნენ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბერბოკის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში, ომი მალე გავრცელდება ევროკავშირისა და ნატო-ს ტერიტორიაზე.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დამარცხებას საბედისწერო შედეგები ექნება თავისუფალი უკრაინისთვისაც და თავისუფალი ევროპისთვისაც, ამიტომ, საჭიროა უკრაინის დახმარების გაფართოება.

“რთული დასათვლელია, რამდენის გადახდა მოგვიწევს, თუ ჩვენ თავად მოგვიწევს ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა. უკრაინის მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, ომი ჩვენგან შორს შევაკავოთ“, – განაცხადა ბერბოკმა.

ამასთან, გერმანელმა დიპლომატმა ლტოლვილთა ახალი ნაკადის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

“უკრაინა თუ ვეღარ შეძლებს თავდაცვას – მე პირველ რიგში მივმართავ მათ, ვინ უარს ამბობს კიევის დახმარებაზე – მაშინ გაქცევა კიდევ მილიონობით ადამიანს მოუწევს. ვის მოუნდება ნებაყოფლობით ცხოვრება წამებისა და ოკუპაციის პირობებში?“ – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.

დღის ამბები