თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, "ევროპულ საქართველოში" რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის იდეას ემხრობიან, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე სახის ერთიანობას არ განიხილავენ.
მისი განმარტებით, "ნაცმოძრაობამ" მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი უნდა დაკარგოს და ამ შეთანხმების მიღწევას დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან შეეცდებიან:
"რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის იდეას ვემხრობით, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ოპტიმალური. არავითარ შემთხვევაში და არასდროს არ განვიხილავთ "ნაცმოძრაობასთან" რაიმე სახის ერთიანობას. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ "ნაცმოძრაობამ" მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი უნდა დაკარგოს და ამ შეთანხმების მიღწევას შევეცდებით დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან, თუ ისინიც მზად იქნებიან ამისთვის.
არ ვეთანხმებით კრიტიკის არგუმენტებს, მე არ ვაპირებ გავჩერდე, როდესაც ოლიგარქიულ მართვას ვხედავ რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში და მათი კრიტიკა, საქართველოს ეროვნულ ინტერესად მიმაჩნია", - განაცხადა "ევროპული საქართველოს” წევრმათამარ ჩერგოლეიშვილმა.
ექვსი პარტია ოპოზიციის ერთობის დეკლარაციას ხელს აწერს - მათ შორისაა "ნაციონალური მოძრაობა, "გირჩი – მეტი თავისუფლება", "ახალი", "ლელო“, "დროა" და "სტრატეგია აღმაშენებელი".
დოკუმენტი გულისხმობს ერთობას, როგორც არჩევნებამდე ასევე მის შემდეგ და იზიარებს სალომე ზურაბიშვილის ქარტიის მიზნებს.
კონკრეტულად რა ფორმით მიიღებს 26 ოქტომბრის კენჭისყრაში ექვსი პარტია მონაწილეობას ჯერ უცნობია. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ერთიანობის კონფიგურაცია 8 ივლისამდე უნდა მოიძებნოს.
ამ ეტაპზე, ცნობილია მხოლოდ ის მიზნები, რაც აერთიანებს პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს. ესენია - თავის შეკავება ერთმანეთზე თავდასხმებისგან, არჩევნების შემდეგ ქარტიის პუნქტების შესასრულებლად კოალიციის ჩამოყალიბება და პარლამენტში წინააღმდეგობის გაწევა, ისეთი მთავრობის ფორმირებაზე, რომლის ნაწილიც "ქართული ოცნება" იქნება.