თბილისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. არარატ მირზოიანს უკვე უმასპინძლა ქართველმა კოლეგამ, სადაც მხარეებმა სტრატეგიულ პარტნიორობაზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებსა და საერთო ინტერესებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ილია დარჩიაშვილმა სომხეთს მადლობა გადაუხადა "ევრო 2024-ზე" საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობისთვის. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას, პოზიტიური როლი ითამაშოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში. ამ საკითხზე საუბრისას, არარატ მირზოიანმა თბილისს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სომხეთი მზად არის ურთიერთობები დაარეგულიროს მეზობლებთან, ეს იქნება თურქეთი თუ აზერბაიჯანი, რომელთანაც სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა 1 თვეში დასრულდება.
"ეს წელი ინტენსიური ურთიერთობებით გამოირჩევა. წლის დასაწყისში გაიმართა სომხეთსა და საქართველოს მთავრობათა შორის მეცამეტე სხდომა, ხოლო მარტში სომხეთში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩავიდა. აქტიური იყო საპარლამენტოთა შორისო კავშირები. სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები, მართლაც სწრაფად ვითარდება ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, უსაფრთხოება, განათლება, კულტურა, ტურიზმი თუ ხალხთა შორის ურთიერთობებით დასრულებული. სომხეთმა და საქართველომ უმაღლეს დონეზე დააფიქსირეს, რომ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა ურთიერთგაგება დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი გაგრძელდეს და დასრულდეს. სომხეთმა ენთუზიაზმით მიიღო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის, არამედ რეგიონული მოვლენების კონტექსტშიც.
მინდა, მოკლედ მიმოვიხილო რეგიონში განვითარებული სხვა მოვლენები. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ მეზობლებთან ურთიერთობებს. სომხეთი მზად არის თურქეთთან ურთიერთობების სრულად დასარეგულირებლად. მადლობა საქართველოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის. ვაფასებთ თქვენს პოზიციას დელიმიტაციის პროცესთან მიმართებით.
ბატონო მინისტრო, როგორც გითხარით, არის მშვიდობის ხელშეკრულება, რომლის მიმართაც პოზიტიურად არის სომხეთი განწყობილი. ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ერთთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, შეგვიძლია დავასრულოთ და ხელი მოვაწეროთ აზერბაიჯანთან ამ მნიშვნელოვან შეთანხმებას," - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა.