ეს ხელს არავის აძლევს რუსეთის გარდა, თუკი მსგავსი მიმართულებით იქნება ჩვენი პარტნიორების მხრიდან პოზიციების დაფიქსირება საერთაშორისო ორგანიზაციებში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით.
"ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა რეაგირება ჩვენი მხრიდან. ვფიქრობ, ეს იყო სწორი და ხმამაღალი რეაგირება, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო. თუმცა, რა თქმა უნდა, სამუშაო არის გასაგრძელებელი. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესი, ამ ეროვნული ინტერესის დაცვა, რაშიც ჩვენ პარტნიორების მხრიდან რა თქმა უნდა, მხარდაჭერა გვჭირდება. ეს ხელს არავის აძლევს რუსეთის გარდა, თუკი მსგავსი მიმართულებით იქნება ჩვენი პარტნიორების მხრიდან პოზიციების დაფიქსირება საერთაშორისო ორგანიზაციებში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რეზოლუციას – „ეუთოს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა ინიციატივით დაემატა ფორმულირება, რომელიც არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს – წარმოაჩინოს, თითქოს არ არის კონფლიქტის მხარე“.