პენტაგონის გადაწყვეტილებას საქართველოში ღირსეული პარტნიორის სწავლება განუსაზღვრელი ვადით გადადოს, ოფიციალური თბილისი დასანანს უწოდებს.
აშშ-ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია. მისი თქმით, ვიდრე საქართველოს "ოცნების" ხელისუფლება ეყოლება, ქვეყანა სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატს დაკარგავს.
"აშშ-მა ამ ნაბიჯით ძალიან პირდაპირ თქვა, რომ ენტონი ბლინკენი და აშშ არასდროს ხუმრობს. დაანონსდა ორმხრივი ურთიერთობების კომპლექსური გადახედვა და ჩვენ ვნახეთ ამ გადახედვის შედეგი.
მანამ, სანამ ეს ხელისუფლება გვყავს, ჩვენ დავკარგავთ თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატს და ჩვენ ამას სულ ვამბობდით," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, "ღირსეული პარტნიორი" (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო.