16 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
მამუკა მდინარაძე აშშ-ის მიერ წვრთნების გაუქმებაზე: მინიმუმ გაუგებარი გადაწყვეტილებაა იმ ფონზე, როცა საქართველო დემოკრატიის ხარისხით, რეფორმების გატარებით, მოწინავე ქვეყნების რიგშია, მგონია მალე ყველა მსგავსი გადაწყვეტილება შეიცვლება

პასუხისმგებლობის აღებას სთხოვთ იმ მხარეს, რომელსაც გადაწყვეტილება არ მიუღია. ჩემი აზრით, ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. არასწორ გადაწყვეტილებაზე, გადაწყვეტილების ობიექტი და მეორე მხარე პასუხისმგებლობას ვერასდროს აიღებს. რატომ? - ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობების გადატვირთვაზე, ნორმალიზებაზე, იმაზე, რომ ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველოს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას, ის ფაქტობრივი სანქცია რომელიც ვიზის სირთულის სახით აქვს, უნდა მოუხსნას, მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა ამაში მდგომარეობს ჩემი აზრით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, აშშ-ის მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, საქართველოს და ავღანეთს ერთნაირი სტატისტიკური მონაცემები აქვთ ვიზის აღების კუთხით და მაშინ, როდესაც ქართული მხარე სტრატეგიულ პარტნიორთან თავისუფალ ვაჭრობასა და პირდაპირ ფრენებზე საუბრობს, პასუხად იღებენ, რომ აშშ-მა წვრთნები გააუქმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატების აღნიშნული გადაწყვეტილება მინიმუმ გაუგებარია და სავარაუდოდ, ყველა მსგავსი გადაწყვეტილება ახლო მომავალში შეცივლება, რაც კონკრეტულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.

"სხვა, გაცილებით ნაკლები კომუნიკაციის ქვეყნებს, დაწყებული 2000-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე მოყოლებული, უფრო მეტ ვიზას აძლევდნენ, რატომღაც, საქართველოს მოქალაქეებისათვის, მოსახლეობისთვის, ეს ვიზები ასე გახსნილი არასდროს ყოფილა. ჩვენ და ავღანეთი ვართ ერთი და იგივე სტატისტიკური მონაცემებით ვიზის აღების თვალსაზრისით. თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები - აი, ამაზე ვსაუბრობთ და პასუხად ვიღებთ, რომ იცით რა, თქვენ წვრთნები გაგიუქმეთ. მერე ვიღაც იტყვის, რომ იცით რა, ეს არის აშშ-ის მცდელობა, რომ ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში. ჩვენ ამას არ ვამბობთ, მაგრამ ვიღაც ამას რომ იტყვის, მერე მოხვალთ [ჟურნალისტები] და ეთანხმებით თუ არა - ეჭვი ამის შესახებ შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩვენ ასე არ განვიხილავთ საკითხებს, ჩვენ ასე არ შევდივართ თემის სიღრმეებში და ვფიქრობთ, რომ ეს არის მინიმუმ გაუგებარი გადაწყვეტილება, იმ ფონზე, როდესაც საქართველო დემოკრატიის ხარისხით, რეფორმების გატარების თვალსაზრისით და ა.შ., მოწინავე ქვეყნების რიგშია, მაგალითად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არის გაუგებარი და მგონია, რომ ძალიან მალე, მაგალითად, რამდენიმე თვეში, ასეთი და მსგავსი ყველა გადაწყვეტილება შეიცვლება და ეს კონკრეტულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღის ამბები