საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ისაუბრა. როგორც გურამ მაჭარაშვილი ამბობს, ევროპაში თითქმის ყველამ ქვეყანამ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აღადგინა, საქართველოს კი ომისკენ მოუწოდებენ.
"ხომ ხედავთ, კონკრეტულად ვერავინ ვერაფერს ვერ ამბობს. კონკრეტული პრეტენზია საქართველოსთან არავის არ აქვს და ვერ აქვს. მათვე საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებებით, ჩვენ ვართ ყველგან მოწინავე ადგილზე. რას ნიშნავს კურსი? უკრაინიზაციის კურსს დავუბრუნდეთ? ამაზე - არა აქვს ნათქვამი ქართველ ხალხს. სხვა რა კურსზეა საუბარი? თავად გერმანიამ გააგზავნა სამხედრო მოხალისეები უკრაინაში? ყველამ აღადგინა უკვე ევროპაში და ზოგმა გააორმაგა კიდეც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები. აბსოლუტურად, ყველა ევროპულმა ქვეყანამ და თავად შეერთებულ შტატებს არ შეუწყვეტია და ჩვენ მოგვიწოდებენ რომ ომი დავიწყოთ. ამიტომ, თავი დაანებონ ქართველი ხალხის შეურაცხყოფას და ყველამ მიხედოს იმ დიპლომატიას, რომელიც აქვს დავალებული, ისევე როგორც ელჩს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.