"ხალხის ძალის" განცხადება ისევ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. პარტიის ინფორმაციით, მზადდება პოლიტიკური პლატფორმა გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გასაერთიანებლად. მათივე განცხადებით, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური კონფიგურაციების დატესტვის მიზნით, ბაზარზე ახალი პლატფორმის შექმნა გადაწყდა, რომელშიც, სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით, ეკა ბესელია, თამარ ჩუგოშვილი და შოთა შალელაშვილი გაერთიანდებიან და სწორედ ეს პლატფორმა გახდება ის ადგილი, სადაც ერთ დროს ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებული ოპოზიციონერები საერთო ენას გამონახავენ.
"კონფიგურაციას ოპოზიციაში უცხოური ძალა დაალაგებს და ამათ არავინ შეეკითხება, ვინ ვისთან ერთად გამოვა. ვნახეთ ჩვენ, რომ ნიკა მელია, რომელიც 2 წლის განმავლობაში, ოლიგარქს უწოდებდა და აგინებდა კეზერაშვილს, ჩაახუტეს და დააქორწინეს მშვენივრად, მეჯვარედ გვარამია მიუსვეს გვერდზე.
რაც შეეხება დანარჩენ ცენტრებს - "ლელომ" რადგან აქ ვერ მოახერხა შესვლა, უცხოური ძალა ცდილობს, რომ აქ რაღაც ისეთი ცენტრი შექმნას, რომელსაც შეეცდებიან, რომ გადაალახვინონ 5%-იანი ბარიერი - დარჩა გახარია და "ლელო". მართალია, ამ ორს შორის არის დაუძინებელი მტრობა, მაგრამ მელია ჩაახუტეს კეზერაშვილს და გახარიას და ხაზარაძეს, რაღაცნაირად, დააქორწინებენ პოლიტიკურად, მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა.
ხალხში ძალიან მწვავედ რომ არ გამოჩნდეს, ამიტომ არსებობს ეს ფორმატები: იქ ჩუგოშვილი იქნება, ბესელია თუ თავში, ლგბტ დროშით ზურაბიშვილი, აი, მას გადააფარებენ. შეეცდებიან, რომ მარტო ეს ორი პიროვნება კი არ დაქორწინდეს პოლიტიკურად, რომელიც ერთმანეთს ჭამდა, არამედ თითქოს სხვა პოლიტიკური ე.წ. ძალა არსებობს. ჩვენი ვალია, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე და არ დაიჯერონ, რომ თითქოს მოხდა "ვეძებდი, როგორც მტერს და შევხვდი, როგორც მოყვარეს" და გახარია და ხაზარაძე ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.