16 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
ევროპელმა დიპლომატებმა უნდა დაგმონ ძალადობა, გუშინ ვნახეთ, რომ "დროას" წევრი, რომელიც პირდაპირ ფინანსდება ევროკავშირისგან ყალბი "ენჯეოს" სქემის გამოყენებით, თავს დაესხა ქალ დეპუტატებს - შალვა პაპუაშვილი

ღირებულებებზე თუ ვსაუბრობთ, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად ეს საერთო ღირებულებები თუ გვაქვს და არ არის ფასადი, მაშინ ამ ღირებულებების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ანაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ღირებულებები გვკარნახობს, რომ პარტნიორ ქვეყანაში თუ შედიხარ, ხარჯავ ფულს ორგანიზაციებში, რომლებსაც აქვთ გავლენა პოლიტიკაზე, შენ გაქვს უმარტივესი პასუხისმგებლობა, იყო გამჭვირვალე და მოქალაქეებს უთხრა, რა მიზნით და რა რაოდენობით იხარჯება ფული. ეს არის ყველაზე საბაზისო ევროპული ღირებულება, რომელსაც, იმედი მაქვს, დაუბრუნდებიან ჩვენი მეგობრები აშშ-დან და ევროპიდან.

"ვერც კი წარმომედგინა, რომ გამჭვირვალობას შეიძლება ასეთი რეაქციები მოჰყოლოდა, რაც, თავისთავად, შემდეგ უკვე წარმოშობს გარკვეულ აღქმებს, რატომ არ სურს ევროკავშირს, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდის თანხები იყოს გამჭვირვალე. დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის ზოგიერთი ჩინოსანი პირადად მიდასტურებდა, რომ მას შემდეგ, რაც ევროპის დემოკრატიის ფონდის საქართველოში დაფინანსებას გაეცნო, დარწმუნდა, რომ ეს პოლიტიკური ფული იყო. საჯაროდ ნუ იტყვიან, მაგრამ ამის წინააღმდეგ რაღაც ზომები მაინც მიიღონ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან არ ფინანსდებოდეს, მაგალითად, "სირცხვილია", რომლის წევრები უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების პირადი ტელეფონის ნომრებს აქვეყნებდნენ, ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს, მათ ოჯახის წევრებს და ემუქრებოდნენ, აშანტაჟებდნენ; "ჯემნიუსის" წევრები, რომლებიც ხელფასს იღებენ ევროკავშირიდან, საქართველოს პარლამენტის წევრებს შუბლში, თუ კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ. ახლა ამაზე რეაგირება ნულია," - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ მოვისმინოთ განმარტებები ევროპელი დიპლომატებისგან, არის აბსოლუტური სიჩუმე, რისი შედეგიცაა ძალადობის გაგრძელება.

"გუშინ ვნახეთ, რომ "დროას" წევრი, რომელიც პირდაპირ ფინანსდება ევროკავშირისგან ყალბი "ენჯეოს" სქემის გამოყენებით, თავს დაესხა ქალ დეპუტატებს. უნდა დაგმონ, რადგან, სამწუხაროდ, ასეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ ადამიანების ამ ჯგუფისთვის საქართველოში ავტორიტეტები არიან უცხოელები. მათთვის ავტორიტეტი საქართველოში არ არსებობს. უცხოელი რასაც ეტყვის, ისე იქცევიან. ამდენი შემთხვევა მოხდა – გახსოვთ პარლამენტზე თავდასხმა პირველ მაისს, აქციების დროს, როდესაც, ზუსტად „ენჯეოების“ მოწოდებით, მშვიდობიანი აქცია ძალადობრივ აქციად გადააქციეს, რვა პოლიციელი დაშავდა. ერთ პოლიციელს დასჭირდა გადაუდებელი ოპერაცია, დაიმსხვრა ინფრასტრუქტურა პარლამენტში და მეორე დღეს ზოგიერთი დიპლომატი ამბობდა, ეს მშვიდობიანი აქცია იყოო. ასეთი დამოკიდებულება როცა არის, ახალისებს ძალადობას. ზუსტად ამის შედეგია ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ქალ დეპუტატებს თავს დაესხა რადიკალური ჯგუფის წევრი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები