ეკა ბესელია ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ, სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით, ახალი პოლიტიკური პლატფორმა იქმნება. ბესელიამ ისაუბრა პლატფორმის ფარგლებში პარტიების "საქართველოსთვის" და "ლელოს" გაერთიანებაზე. მან აღნიშნა, რომ ამაზე საუბრის დასაწყებად აუცილებელია, გახარიას გუნდმა პრეზიდენტის ქარტიას მოაწეროს ხელი.
"ბევრი საინტერესო ადამიანი იქნება ჩვენთან ერთად. შესაძლოა, შემდგომ, ცოტა მოგვიანებით, გარკვეული გაერთიანებაც იყოს სხვა ჯგუფებთან. არ ვიქნებით იქ, სადაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და არ გვექნება პარტიული ერთობა "ნაციონალურ მოძრაობასთან".
პირველ რიგში, ქარტიას უნდა მოაწეროს ხელი გახარიამ. პირადად მასთან მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, პიროვნული. "ლელოს" აქვს ხელი მოწერილი, "ლელოსთან" ჩვენ სხვადასხვა თემაზე საუბარი შეგვიძლია. მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვით.
მთლიანად, პოლიტიკურ ცხოვრებაში მთავარი როლის მატარებელი იქნება პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური. თუ რა დოზით იქნება საარჩევნო ეტაპებზე ჩართული, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია,"- აცხადებს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, რომ "ხალხის ძალის" ინფორმაციით, მზადდება პოლიტიკური პლატფორმა გიორგი გახარიას "საქართველოსთვის" და მამუკა ხაზარაძის "ლელოს" გასაერთიანებლად. მათივე განცხადებით, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური კონფიგურაციების დატესტვის მიზნით, ბაზარზე ახალი პლატფორმის შექმნა გადაწყდა, რომელშიც, სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით, ეკა ბესელია, თამარ ჩუგოშვილი და შოთა შალელაშვილი გაერთიანდებიან და სწორედ ეს პლატფორმა გახდება ის ადგილი, სადაც ერთ დროს ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებული ოპოზიციონერები საერთო ენას გამონახავენ.