25 ოქტომბერი 2024,   16:18
ვრცლად
პირველი ქართველი მოჭიდავე ქალი, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა - 15 წლის გოგონას გზა ოქროს მედლამდე

გოგო, რომლის წარმატების გზა ჭიათურის ერთი პატარა სოფლიდან იწყება. ამ გზამ 15 წლის სპორტსმენი ჭიათურის სოფელ წყალშავიდან სერბეთამდე მიიყვანა. ქალაქ ნოვისადში, სადაც თავისუფალი სტილით მოჭიდავე პატარა გოგონამ თავი ყველას დაამახსოვრა, უკან კი ქვეყანას ოქროდ ქცეული გამარჯვებით დაუბრუნდა. ამბავმა ქართველ მოჭიდავე ქალზე ევროპიდან მალევე ჩამოაღწია ჩემპიონის სოფელშიც.

სოფლის განაპირას მდგარ პატარა სახლში დედა და ბებია ელოდებიან. იმ დღესაც ასე იყო. ბებია, რომელთან ერთადაც თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირანდა კაპანაძემ პირველი ნაბიჯები გადადგა.

ყველაფერი კი ასე, მოულოდნელად და ბავშვური თამაშით, გართობის სურვილით დაიწყო. ერთხელაც, სავარჯიშოდ წასულ უფროს ძმას დარბაზში გაეკიდა და საჭიდაო ხალიჩაზე ფეხი პირველად დადგა. სპორტსმენების ვარჯიშმა პირველკლასელ გოგონაზე მაშინვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამასობაში, სტერეოტიპებიც იმსხვრეოდა.

მერე იყო უფრო მეტი მოტივაცია და თავდაუზოგავი შრომა. იმის რწმენა, რომ ერთხელაც ბავშვობის ოცნებები ახდებოდა. წინ ისევ დიდი გამარჯვებების მოლოდინია, ამიტომაც ხშირად თავისი პროფესიის გამო, თანატოლებთან ერთად გართობაზე უარსაც ამბობს. 3-4 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ვარჯიშობს.

იმ დღის შემდეგ, მისი ცხოვრების მთავარი პირობაა, რომ ჭიდაობა უპირობოდ უყვარდეს. მას შემდეგ არც კი ახსოვს როდის დაეზარა ვარჯიშზე წასვლა, ან როდის არ წავიდა. სკოლიდან რომ ბრუნდება გაკვეთილებს სწავლობს, მერე ვარჯიშზე მიდის. იმასაც ახერხებს, რომ ბებიას ეზოში დაეხმაროს, დედას კი - სამზარეულოში. ყვავილების მორწყვაც მოასწროს.

გამარჯვების დღეს დიდხანს ელოდებოდა დედაც. სანამ შვილს ევროპის ჩემპიონატზე გააცილებდა, ტანსაცმელიც შეურჩია, რომელიც გამარჯვების შემდეგ უნდა ჩაეცვა. როცა ეროვნული დროშა ყველაზე მაღლა აფრიალდებოდა და ჰიმნი აჟღერდებოდა.

სანამ სპორტში თავით გადაეშვებოდა უკრავდა და ცეკვაზეც დადიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გეგმები შეეცვალა, ახლა მისი ფორტეპიანო ძირითადად უფუნქციოა, უფრო სწორად, ახალი ფუნქციით- სპორტული მიღწევების საცავია და ისტორიას ინახავს.

იმისთვის, რომ ვარჯიშზე მივიდეს, ყოველდღიურად სამი კილომეტრის გავლა უწევს, წვიმაში, მზეში თუ თოვლში... უკვე ყველამ გაიგო, რომ ევროპის ჩემპიონობა დარბაზიდან იწყება. მირანდას აქ თანატოლები და მეგობრები ელოდებიან, ამ დროს მეგობრობა სპარინგ პარტნიორობაში იცვლება ხოლმე.

ვარჯიშზე, თუ შეჯიბრების დაწყებამდე მუსიკასაც ერთად უსმენენ. ამბობენ, რომ პატრიოტული ჟანრის კომპოზიციები მათ უფრო ბრძოლისუნარიანს ხდის. არამხოლოდ უსმენენ, მღერიან კიდეც.

და როცა წლობით დაგროვილ უიმედობას, თუნდაც წარუმატებლობას ხშირად უსამართლობასაც კი, დიდი გამარჯვების სიხარული შეცვლის, ალბათ, მწვრთნელის ეს ცრემლებიც და ემოციაც ყველაზე მოსალოდნელია და ყველაფერზე მეტყველი. აღზრდილის ჭიდაობას თვალს ტელევიზორიდან ადევნებდა, სიამაყით უყურა და ბედნიერების პირველი წუთებიც ასე მოვიდა.

წინ ისევ დიდი გზაა, გამარჯვება რომ უნდა მოიტანოს ის გზა. აქ ყველას სჯერა, რომ ერთხელაც მირანდა თანასოფლელებს და მთელ ქვეყანას ისევ გაახარებს და სამშობლოს უკვე ოლიმპიური ოქროთი დაუბრუნდება. და როცა ეს დღე დადგება, როგორც ახლა, მაშინაც ამ ამბავს ყველაზე მეტად მაინც აქ, წყალშავში სოფლის განაპირა სახლში დაელოდებიან.

ავტორი:ლევან ლომაძე

დღის ამბები