25 ოქტომბერი 2024,   16:19
ვრცლად
"მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ" - "ქართული ოცნება" არჩევნებში მეოთხედ გამარჯვებისთვის ემზადება

12-წლიანი მმართველობის შემდეგ, მმართველი ძალა ახალ გეგმაზე ახალი ოფისიდან საუბრობს. "ქართული ოცნება" 26 ოქტომბერს, არჩევნებში, მეოთხედ გამარჯვებისთვის ემზადება, თანაც საკონსტიტუციო უმრავლესობით. საარჩევნო კამპანია სახელისუფლებო ძალამ ოფიციალურად უკვე დაიწყო. უკვე ცნობილია ისიც, რომ საარჩევნო შტაბს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი შემცირებულია და "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვერ შეძლებს.

სახელისუფლებო პარტია ოპოზიციას მომავალში კიდევ არაერთ გამარჯვებას ჰპირდება. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ რეიტინგები და კვლევები სწორედ მათ უპირატესობაზე მეტყველებს, ოქტომბერში, საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება კი, მმართველი ძალის თქმით, მარტივია, რადგან ამომრჩეველმა გადაწყვეტილება მშვიდობასა და ომს შორის უნდა გააკეთოს.

არჩევნებზე "ქართულ ოცნებასთან" ოპონირების საკუთარი გეგმა აქვს "გირჩს". პარტიაში ამბობენ, რომ სახელისუფლებო ძალას სიმართლით დაუპირისპირდებიან და ამომრჩეველს მიმდინარე პროცესებზე რეალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

ოქტომბრის არჩევნებამდე 101 დღით ადრე, უკვე ცნობილია "ქართული ოცნების" საარჩევნო სლოგანი. ცნობილია ისიც, რომ არჩევნებში სახელისუფლებო პარტია ბრძოლას "ხალხის ძალასთან" ერთად აპირებს. საკუთარი ხედვები, მიზნები, გეგმები ღონისძიებაზე პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებსა და ადგილზე მისულ სტუმრებს კიდევ ერთხელ გააცნეს.

"ქართული ოცნების" ლიდერებმა, პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან ერთად, ახალი ოფისი გორგასლის 20 ნომერში გახსნეს. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, პარტიის წევრების გარდა, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეებიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები