25 ოქტომბერი 2024,   16:20
ვრცლად
ხაზარაძე და გახარია - ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ერთმანეთს მედიის საშუალებით ელაპარაკება - ყოფილ პრემიერთან ყოფილ ბანკირს კითხვები აქვს

ხაზარაძე და გახარია - ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ერთმანეთს მედიის საშუალებით ელაპარაკება. ყოფილ პრემიერთან, ყოფილ ბანკირს კითხვები აქვს. ის ყოფილი პრემიერისგან პასუხს 4 შეკითხვაზე ელოდება, თუმცა როგორც დღეს აღმოჩნდა - ამაოდ. მას პასუხების მოსასმენად წლები მოთმენა მოუწევს.

იმისათვის, რომ ორი პოლიტიკური ძალის გაერთიანება იმ კონდიციამდე მივიდეს, რაც გახარიასთვის მოსაწონი იქნება - მამუკა ხაზარაძე პასუხებს ელოდება. შეკითხვა რამდენიმეა.

პასუხი "ლელოს" ლიდერმა, დღეს, მხოლოდ ერთ კითხვაზე მიიღო. გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ კოალიცია სამომავლოდ ”ნაციონალურ მოძრაობასა” და ”ქართულ ოცნებასთან”გამორიცხულია. "ლელოში" პასუხებს დანარჩენ სამ კითხვაზეც ელიან.

"ლელოსთან" წინასაარჩევნოდ ერთობა მხოლოდ გახარიას ინტერესი არ ყოფილა. ხაზარაძე-ჯაფარიძესთან კონსულტაციას აქტიურად მართავდა ნიკა გვარამიაც, თუმცა მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაში ჩაიშალა. "ლელოსთან" დაკავშირებით, კონკრეტული გეგმა ჰქონდა გახარიასაც, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ მისი მიზანი ამ პარტიის "განაცებისგან" ხსნა იყო. ”ნაციონალური მოძრაობა” კი, რომელიც ოპოზიციის უმრავლესობისთვის წითელ ხაზად რჩება, კოლეგებზე თავდასხმისგან წინასაარჩევნო პერიოდში თავს იკავებს.

"ლელო" და გახარია ერთობის შექმნას ვერ ახერხებენ, თუმცა ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური გზა ანა დოლიძესთან და ლევან ცუცქირიძესთან გადაიკვეთა. ამ გაერთიანებას, ისევე როგორც სხვა ყველა ერთობას, სახელისუფლებო გუნდში სკეპტიკურად უყურებენ.

დათმობენ თუ არა საკუთარ პრინციპებს ხაზარაძე-გახარია და შედგება თუ არა ყოფილი პრემიერსა და ყოფილი ბანკირის ტანდემი ჯერ უცნობია. ფაქტია, რომ გახარია ხაზარაძის კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს.

 

დღის ამბები