ესპანეთში დაინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მედიის გამჭვირვალობის საკითხს ეხება, საქართველოში მმართველი გუნდის მხრიდან შეფასებები მოჰყვა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ეს ფაქტი გასაკვირი ნამდვილად არ არის და ფიქრობს, რომ ესპანეთს სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ.
"ჩვენი არგუმენტები ჰაერიდან მოტანილი არ იყო და ეს ყველაფერი ეყრდნობოდა იმ გამოცდილებას, რომელიც არსებობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც არსებობდა ევროკომისიის მიერ მსგავსი დირექტივების მიღებისას, ასევე - სხვა გამოცდილება, რომელიც შემდეგ საფრანგეთმა და კანადამაც მოიტანეს მტკიცებულებებად. ამიტომ, ჩვენთვის ეს გასაკვირი და სიახლე არ არის. ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ესპანეთი, არამედ ბევრი სხვა ქვეყანაც მიჰყვება, ამ მაგალითს. ევროკომისიას აქვს გამოცემული ევროდირექტივა, რომელიც უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს ითვალისწინებს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, როგორც გამჭვირვალობის შესახებ კანონი ემსახურებოდა საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებას, ზუსტად ამავე მიზანს ისახავენ სხვა ქვეყნებიც.
"ყველა ქვეყანა ფიქრობს, რომ საკუთარი სუვერენიტეტი გააძლიეროს, თავიანთ ქვეყანაზე იზრუნონ, როგორც საქართველო [ზრუნავს ამაზე]. როგორც გამჭვირვალობის შესახებ კანონი ემსახურებოდა ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას, ზუსტად იმავეს აკეთებენ სხვა ქვეყნები. კანონი, რომელიც მოქმედებს სხვა ქვეყანაში, არის დემოკრატიული და დემოკრატიულ სტანდარტებთან თანხვედრაში, შეუძლებელია, რომ იგი არ იყოს თანხვედრაში საქართველოში, მით უმეტეს, ასეთი კანონები, ამ ქვეყნებში გაცილებით უფრო მკაცრია, მეტ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ვიდრე საქართველოში", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.