ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო აქციაზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის სახელით პირველად წარსდგა. ტრამპმა შეხვედრა მის მიერ წარდგენილ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან, ჯეი დი ვენსთან ერთად გამართა.
ღონისძიება მიჩიგანში გაიმართა. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ერთი კვირის წინ მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარდამჭერების წინაშე ახლა მხოლოდ ღვთის წყალობით დგას.
"მე აქ ახლა არ უნდა ვიყო, მაგრამ განსაკუთრებული რაღაც მოხდა. გასულ კვირას მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე. არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ჩვენს მტრებს სურდათ, ჩემთვის თავისუფლების წართმევა, იმ მიზეზით, რომ მე არასდროს დავუშვებდი თქვენი თავისუფლების წართმევას. მათ ჩემი გაჩუმება სურდათ, მე ამას არასდროს დავუშვებდი. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ, ასე არ არის? ჩვენ გავიმარჯვებთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.