25 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
გელათის სამონასტრო კომპლექსში სამუშაოების ახალი ეტაპი დაიწყო - ძირითად კონსტრუქციაზე საბოლო სახის გადახურვა მიმდინარეობს

გელათის სამონასტრო კომპლექსში სამუშაოების ახალი ეტაპი დაიწყო. უკვე მოხსნილია თუნუქის დროებითი სახურავი, ახლა კი ძირითად კონსტრუქციაზე საბოლო სახის გადახურვა მიმდინარეობს.

სამუშაოებს გერმანული კომპანია აწარმოებს. პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, გერმანელი და ბრიტანელი ექსპერტებიც არიან ჩართულები.

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რამდენიმე დღის წინ ტაძარში წვიმა ჩავიდა.მათი თქმით, უკვე შეისწავლეს საკურთხევლის ტერიტორია და კედლების მდგომარეობა, სადაც წვიმისგან გამოწვეული ახალი დაზიანება არ არის.

"ჩვენ რამდენიმე დღეა აქ ვიმყოფებით და საშუალება გვეძლევა თვალი პირადად ვადევნოთ პროცესს. ვარ შთაბეჭდილებების ქვეშ, რადგან ვუყურებ როგორ შენდება ეს მონუმენტური ხარაჩო. ასევე, როგორ მიდის სხვადასხვა სფეროში ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა. სწორედ ახლა ჩამოვედი ხარაჩოებიდან, გახლდით საკურთხეველში და ვნახე, რომ იქ არის აბსოლუტური სიმშრალეა და ყველაფერი რიგზეა. მე ასევე ვნახე მოზაიკა მამა კირიონთან ერთად. პირადად შევამოწმე და იქ ერთი გრამი წყალიც კი არ არის ჩამოსული. ერთი ტესარაც კი არ აკლია მოზაიკას. სიტუაცია ნამდვილად არ არის მარტივი. მოზაიკა უდაოდ საჭიროებს ჩარევას, მაგრამ ის არის ისეთი ადამიანის ხელში, რომ წუხილის საფუძველი არ არსებობს. ასევე, ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ სამეცნიერო ფუნდამენტით, თუ როგორ მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები - იქნება ეს ფერწერა, თუ შენების პროცესი და რაც მთავარია, წყლის ფილტრაცია, რომელიც ასეთი პრობლემური იყო გელათში, პრაქტიკულად პრობლემას აღარ წარმოადგენს. ყოველი სეგმენტი არის დახურული. განსაკუთრებით კრიტიკული იყო ფერწერა და ჩვენ პრაქტიკულად ამ სამეცნიერო კვლევებიდან გადავდივართ უკვე აქტიურ სამოქმედო სამუშაოებზე," - აცხადებს ფლორენციის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი გერხარდ ვოლფი.

გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელის განცხადებით კი, არ არის სიმართლე, თითქოს ნადგურდება მხატვრობა:

"მხატვრობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ეს დაზიანებები მხოლოდ ახალი არ არის. გარდა ისტორიული დაზიანებებისა, იყო კატასტროფები რაც ბოლო წლებში გვქონდა, რამაც მარილების დაზიანების კატალიზაცია გააკეთა. სწორედ ამიტომ, ჯერ სიღრმისეული კვლევები ჩავატარეთ და შევისწავლეთ.

მარილების შესწავლის საფუძველზე კი ფიზიკური ჩარევის ტესტირებები განხორციელდა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდა ჩარევები. არ არის სიმართლე, რომ თითქოს ნადგურდება მხატვრობა. ჩვენ მეცნიერული შესწავლის საფუძველზე ეტაპობრივად ყველა საჭირო სამუშაოს ჩავატარებთ," - აღნიშნავს ლიზა შეკედე.

 

 

დღის ამბები