16 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
"ჩვენს მოვალეობად მივიჩნევთ, ისმაილ ჰანიეს სისხლისთვის შური ვიძიოთ" - ირანი ისრაელს ემუქრება

"ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის გამო, ირანი ისრაელს ემუქრება. ოფიციალური თეირანი ამბობს, რომ, მათი სტუმრის ირანის ტერიტორიაზე მკვლელობის გამო, თელ-ავივი დაისჯება.

ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ჰანიეს მკვლელობით, კრიმინალურმა და ტერორისტულმა სიონისტურმა რეჟიმმა მოამზადა სასტიკი სასჯელის საფუძველი.

"კრიმინალურმა და ტერორისტულმა სიონისტურმა რეჟიმმა ჩვენი ძვირფასი სტუმარი მოგვიკლა, რითაც დაგვამწუხრა, თუმცა ამასთან, საკუთარი თავის მკაცრი დასჯისთვის მოამზადა ნიადაგი. ჰანიეს სიკვდილის არასოდეს შეშინებია და მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო ამისთვის მზად. ჩვენს მოვალეობად მივიჩნევთ, მისი სისხლისთვის შური ვიძიოთ, იმის გამო, რომ იგი ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოწამებრივად აღესრულა," - აცხადებს ირანის სულიერი ლიდერი.

ირანის გარდა, მუქარისშემცველი გზავნილები "ჰამასისა" და "ჰეზბოლასგან" ისმის.

"ჩვენი უდიდესი დანაკარგის პარალელურად, მოხდა კიდევ ერთი თავდასხმა კონფლიქტის მეორე მხარეს. "ჰამასის" ლიდერი ისმაელ ჰანიე თეირანში სამიზნე გახდა. ეს ადასტურებს ორ რამეს: მტერი ითხოვს ომს და, ღვთის ნებით, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მეორე, ჩვენ, როგორც ქვეყანა, როგორც ხალხი გავაგრძელებთ წინააღმდეგობასა და ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას, რათა ჩვენი ვალდებულებები სრულად განვახორციელოთ, რათა მტერმა, ამ შეტევით, თავისი მიზნის მიღწევა ვერ შეძლოს," - აღნიშნა ლიბანის პარლამენტის წევრმა, "ჰეზბოლას" ოფიციალური წარმომადგენელმა, ალი ამმარიმ.

დასავლეთი აქტორებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს, იმისთვის რომ ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდეს.

დღის ამბები