ეკა სეფაშვილი არასამთავრობოების ნაწილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ რეგისტრაციას არ გაივლიან და არ დაემორჩილებიან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოთხოვნებს. ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ ეს დამატებით ეჭვს აჩენს, რომ მათ რაღაცის დამალვა სურთ.
"ეს [კანონის ამოქმედება] არის წინ გადადგმული ნაბიჯი, საქართველოში, ზოგადად, გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით. ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არ აპირებენ ამ ინფორმაციის გამჟღავნებას ხალხისთვის, მხოლოდ და მხოლოდ იმას მოწმობს, რომ, როგორც ჩანს, რაღაც ისეთს აკეთებენ, რის შესახებაც მათ რცხვენიათ ან არ უნდათ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია. ისინი აპირებენ, კვლავაც ჩუმად, ჩრდილში გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, რომელიც, დიდი ალბათობით, არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. ეს ეჭვს ბადებს იმის გამო, რომ თუ კარგ და კეთილ საქმეს აკეთებენ, დასამალი რა აქვთ?" - აცხადებს ეკა სეფაშვილი.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დღეიდან ძალაში შევიდა. რეესტრში დარეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. რეგისტრაციის დროს, აუცილებელია აისახოს ინფორმაცია წინა წელს მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ.
განაცხადის ავტორმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია წინა წლის განმავლობაში დახარჯული თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში უკვე შექმნილია ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი. კანონი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხი შეისწავლოს. თუ ორგანიზაცია რეგისტრაციას თავს აარიდებს ან დეკლარაციას არ შეავსებს, ის 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.