"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, ოპოზიცია კრიტიკულად არის განწყობილი. მათი თქმით, კანონი ქართულ დემოკრატიას და საქართველოს საგარეო კურსს ეწინააღმდეგება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, პოლიტიკური პლატფორმა "ერთიანობა", ლაშა ფარულავა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს.
"ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული კანონი ამოქმედდა, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, ცვლის საქართველოს საგარეო კურსს. ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ერთიანობით პასუხს გასცემს არა მხოლოდ რუსულ კანონს, არამედ დაასრულებს ივანიშვილის მმართველობას," - აცხადებს ლაშა ფარულავა.
პარტია "ახალის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, "კოალიცია ცვლილებისთვის - ახალი, გირჩი, დროა", მაია კოპალეიშვილი აცხადებს, რომ ორგანიზაციების აგენტებად მიჩნევა წარმოუდგენელია.
"ეს არის სტიგმა და პრინციპული ორგანიზაცია, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს კონკრეტული გრანტები და დაფინანსებები ემსახურება სოციალური პროექტების განვითარებას, ადამიანების უფლებების დაცვას და სწორედ ამისკენ არის ყველა ეს დაფინანსება მიმართული, ბუნებრივია, სრულიად წარმოუდგენელია ხელისუფლების მიდგომა, რომ ისინი ასეთ ორგანიზაციებს მიიჩნევენ აგენტებად," - აცხადებს მაია კოპალეიშვილი.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დღეიდან ძალაში შევიდა. რეესტრში დარეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. რეგისტრაციის დროს, აუცილებელია აისახოს ინფორმაცია წინა წელს მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ.
განაცხადის ავტორმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია წინა წლის განმავლობაში დახარჯული თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში უკვე შექმნილია ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი. კანონი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხი შეისწავლოს. თუ ორგანიზაცია რეგისტრაციას თავს აარიდებს ან დეკლარაციას არ შეავსებს, ის 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.