16 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
პროცესები "ევროპულ საქართველოში" - თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი წერეთელს საერთაშორისო პარტნიორებთან დასმენით ემუქრება

"ევროპული საქართველოდან" წამოსვლის მეორე დღესვე, თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი წერეთელს საერთაშორისო პარტნიორებთან დასმენით ემუქრება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატუსში განმარტავს, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს დახურულ პრაიმერიზში ჩერგოლეიშვილის გუნდის დამარცხება გაყალბების გზით სურდა, ამიტომ პარტიის დელეგატებად სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერები დაარეგისტრირა. ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ გამარჯვების მიუხედავად, წერეთელი საბოლოო სიაში საკუთარი პოზიციით უკმაყოფილო დარჩა, რადგან მისმა გუნდმა პოლიტსაბჭოს კონტროლისთვის საჭირო ხმების 65% ვერ დააგროვა.

ადრესატი ჩერგოლეიშვილს პასუხობს, თუმცა უშუალოდ ბრალდებების შინაარსს არა. გიგი წერეთელი ამბობს მხოლოდ იმას, რომ განვითარებულმა მოვლენებმა პარტიაში არსებული მძიმე ვითარება სააშკარაოზე გამოიტანა.

28 ივლისს ჩატარებული პრაიმერიზი "ევროპულ საქართველოში" არსებული დაპირისპირების კულმინაცია აღმოჩნდა, რაც საბოლოოდ პარტიიდან ჩერგოლეიშვილი-ბოკერიას წასვლით დასრულდა. სად მიდის "ევროპული საქართველოს" უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ამას ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

გიგა ბოკერია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. მან "ნაციონალური მოძრაობა" 2016 წელს მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების გამო დატოვა და მის ხმამაღალ კრიტიკოსად იქცა. როგორც ჩანს, სააკაშვილის პარტიაში ძველი წყენები ისევ ახსოვთ, თუმცა იმავდროულად ყველას წარსული უთანხმოების დავიწყებისა და ერთიანობისკენ მოუწოდებენ. გაერთიანდებიან თუ არა ბოკერიას გარეშე დარჩენილ "ევროპულ საქართველოსთან" - "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ყოფილმა თანაგუნდელებმა ეს თავად უნდა გადაწყვიტონ.

"ევროპულ საქართველოში" მიმდინარე პროცესი, მმართველი პარტიის შეფასებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციაში არსებულ კრიზისს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების ერთობა ამ პარტიისგან არც არასდროს განსხვავდებოდა.

"ევროპული საქართველო" ყრილობის ჩატარებას გეგმავს. თავმჯდომარის გარეშე დარჩენილი პარტია ამ პოსტზე ბოკერიას ადგილმონაცვლეს აირჩევს.

დღის ამბები