ემოციების შეკავება ადგილობრივებს, შოვში ტრაგედიიდან ერთი წლის თავზეც ძალიან უჭირთ. ტკივილს ვერ ივიწყებენ და გასული წლის სამ აგვისტოს, როდესაც რაჭაში ღვარცოფი მოვარდა, ცრემლების გარეშე ვერ იხსენებენ.
ტრაგედიის ადგილიდან ოდნავ მოშორებით აღმართულია ჯვარი, როგორც სიმბოლო იმ მშენებლობისა, რომელსაც საფუძველი სწორედ დღეს ჩაეყარა. შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობა იწყება. დაიდგმება მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალიც.
ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ტაძრის საძირკველი უკვე აკურთხა. შოვის ტრაგედიიდან 1 წლის თავზე, რაჭაში ჩავიდა პრემიერ - მინისტრი.
ირაკლი კობახიძე ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გარდაცვლილების ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო. ტრაგედიის ადგილზე პრემიერთან ერთად იყვნენ მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების გენერალური მდივანი.
პრემიერ - მინისტრმა დაათვალიერა ადგილი, სადაც ტაძარი უნდა აშენდეს. მოისმინა ის თხოვნებიც, რომლებიც ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს აქვთ.
მოგვიანებით, მედიასთან კომენტარის დროს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა თხოვნა, რომელიც გარდაცვლილების ოჯახის წევრებისგან მოისმინა, ეტაპობრივად შესრულდება.
ტრაგედიის ადგილის მონახულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად მრავალძალში იმყოფებოდა, სადაც მან, საკურორტო ზონაში 2 ახალი პროექტი დააანონსა. ერთი პროექტი სწორედ მრავალძალის, მეორე კი შხივანა-სხარტალი-ჟოშხას ტერიტორიაზე განხორციელდება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მსხვილი პროექტების განხორციელებაში უცხოური კომპანიები ჩაერთვებიან.
საკურორტო სივრცეების შერჩევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა, საბოლოო ლოკაციებზე კი სახელმწიფო არაერთი კვლევის ჩატარების შემდეგ შეჯერდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კურორტები დამსხვენებლებს ოთხივე სეზონზე მიიღებს, მიზანი კი რაჭისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
რაჭაში, ტრაგედია 2023 წლის 3 აგვისტოს დატრიალდა. მთებიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა პოლიციელი და სამხედრო პირიც. სპეციალისტების დასკვნით, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, რამაც ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვია.