საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი აშშ–ის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების სავარაუდო შეჩერებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან მსგავსი ნაბიჯები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას.
"ჩვენს ურთიერთობას სჭირდება გადატვირთვა, მაგრამ არა გაუარესების, არამედ გაუმჯობესების კუთხით. მსგავსი ნაბიჯები ნამდვილად ხელს არ უწყობს ამ ურთიერთობების გაუმჯობესებას. თუნდაც ის მოცემულობა, როდესაც თანხები აკლდება საქართველოს თავდაცვას და ის "ენჯეო" სექტორისკენ მიემართება, ეს ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში, როდესაც ლაბორატორია მნიშვნელოვან მიზნებს ემსახურება, ნათლად ხაზს უსვამს, რომ დღევანდელ მოცემულობაში, უმჯობესია ეს ურთიერთობები უკეთესობისკენ იყოს მიმართული და არა გაუარესებისკენ. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდგომ, რა თქმა უნდა, გადაიხედება და სხვა ნიშნულზე იქნება საქართველო-აშშ-ს ურთიერთობა," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის შეჩერებული დაფინანსების ფარგლებში, დაფინანსება ლუგარის ლაბორატორიასაც შეუჩერდა. არსებული ინფორმაციით, ეს თანხა 95 მილიონი დოლარის დახმარების ნაწილია, რომელიც გასულ კვირას ამერიკამ საქართველოს მთავრობას შეუჩერა.