აგვისტოს ომიდან 16 წლის შემდეგ, სადავოდ რჩება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია - დოკუმენტმა, რომელიც 2008 წლის 2 ოქტომბრით თარიღდება, "ქართული ოცნების" შეფასებით, საერთაშორისო სასამართლოებს მისცა საბაბი ქართველი ჯარისკაცები გაესამართლებინათ.
რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი თვის შემდეგ მიღებული რეზოლუციის მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებში, საუბარია საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებაზე, საქართველოს მხრიდან სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებასა და ომის დროს ორივე მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე. რატომ დათანხმდა "ნაციონალური მოძრაობა" რეზოლუციაში მსგავს ჩანაწერებს? - კითხვას "ქართული ოცნება" რამდენიმე წელია სვამს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავარია, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ აგრესორი რუსეთი იყო.
"თუ შეიძლება, ყველა ტექსტი კარგად წაიკითხეთ, რა წერია იქ და რა არის მითითებული. ომი დაიწყო რუსეთმა და ამაზე წერია პირდაპირ ამ რეზოლუციაში, რომ დეტალური შესწავლა უნდა მოხდეს ამ ყველაფრის. ამ რეზოლუციაში მთავარი ისაა, რომ რუსეთი ოკუპანტადაა გამოცხადებული," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ყოველთვის ცხადი იყო, რომ საქართველო თავს იცავდა.
"დღეს და მაშინაც ცხადი იყო, რომ საქართველო თავს იცავდა, რუსეთია აგრესორი საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.