"ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან დაკავშირებული პარტიების წარმომადგენლები, ომში დაღუპულ გმირებს პატივი დღეს, 7 აგვისტოს მიაგეს. თუმცა, "ნაციონალურ მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ძმათა სასაფლაოზე 8 აგვისტოს მიაგებდა პატივს ომში დაღუპულ გმირებს.
რატომ მოხდა თარიღის ცვლილება - მმართველი გუნდის განცხადებებს, რომლის თანახმადაც, ისინი ოპოზიციის მხრიდან ომის თარიღის შეგნებულ შეცვლაზე საუბრობენ, გამოხმაურებები მოჰყვა ოპონენტებში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, პოლიტიკური პლატფორმა "ერთიანობა", გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ რუსული აგრესია ქვეყანაში 7 აგვისტოს დაიწყო და ეს აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
"ეს არის ხელისუფლების მიერ წარმოებული ძალიან იაფფასიანი, სამარცხვინო საქციელი, როდესაც თარიღზე იწყებენ საუბარს. ომი დაიწყო 7 აგვისტოს, რუსული აგრესია დაიწყო 7 აგვისტოს და ეს აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.
ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა", ნიკა მელია.
"რუსულმა პროპაგანდამ გახადა ომის დაწყების თარიღი სადაო და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროპაგანდის განვითარებას და გაღვივებას ხელს უწყობს რიგი ორგანიზაციები," - აცხადებს ნიკა მელია.
"ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დაღუპულ გმირებს თბილისსა და რეგიონებში პატივი დღეს მიაგეს. "ქართული ოცნება" ამ თარიღს 8 აგვისტოს აღნიშნავს.