თბილისის მერი კახა კალაძე სრულ სიცრუეს და ცილისწამებას უწოდებს პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დეზინფორმაციის გავრცელების რიცხვი მოიმატებს, რისთვისაც საზოგადოება მზად უნდა იყოს.
"რაც უფრო მოახლოვდება 26 ოქტომბერი, მსგავსი ტიპის დეზინფორმაციები უფრო გაძლიერდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ერთ მხარეს არის გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია - გუნდი, რომელიც იბრძვის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი გახლავთ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მისი ხელმძღვანელობით, თაოსნობით ამ წლების განმავლობაში, იმ პრაგმატული პოლიტიკის გატარება მოხდა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში არ ყოფილიყო ის უბედურება, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდეს და ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ის ინფორმაცია, რაც უცხოურ მედიაში ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთთან შეხება წლების განმავლობაში აღარ ჰქონია.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სამწუხაროა, როდესაც ხდება ამ ტიპის მანიპულაციები. ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი დეკლარირებული ჰქონდა. მას რუსეთთან ბოლო 20-25 წელია შეხება არ ჰქონია. ზუსტად არ მახსოვს, რომელი წელი იყო, როდესაც რუსეთი დატოვა და საქართველოში წამოვიდა. რითაც ჩვენს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი იყო დაკავებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედება და კარგი საქმეების კეთება იყო. ამ ტიპის სტატიები, განცხადებები, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაძლიერდება და წამოვა. საზოგადოება მზად უნდა ვიყოთ ამგვარი სპეკულაციებისა და სიბინძურისთვის, რაც დასავლეთიდან მოდის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.