საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, შემუშავდება შესაბამისი ფორმატი, რათა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ გასცენ პასუხი აგვისტოს ომთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას.
მისივე შეფასებით, ტალიავინის დასკვნაზე ხელის მოწერით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსეთის ქმედებებს გარკვეული ლეგიტიმაცია მისცა.
"ყველაზე მძიმე, რასთან დაკავშირებითაც მათთან კითხვები არსებობს, აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ, რამდენიმე თვეში განხორციელებული ქმედებები და განცხადებებია. აუცილებელია, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი არა მხოლოდ პოლიტიკურ ნაწილში, არამედ - სამართლებრივად. რა თქმა უნდა, შესაბამისი ფორმატი შემუშავდება და ჩატარდება ღია სხდომები, სადაც მოუწევთ, რომ წარდგნენ ქართული საზოგადოების წინაშე და ყველა კითხვას გასცენ პასუხი, თუ რატომ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას №1633, რატომ დააბრალეს ქართველ ჯარისკაცებს ომის დანაშაულები.
ტალიავინის დასკვნაში პირდაპირ იყო მითითებული, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა საარტილერიო დაბომბვით განახორციელეს შეტევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მოხდა თავდასხმა რუსეთის ძალებზე და, მხოლოდ ამის შემდეგ, რუსეთის ქმედებები იყო საპასუხო, რითაც ლეგიტიმაციაც კი მისცეს რუსეთის ქმედებებს. ამ ყველაფერს, რუსეთი, რა თქმა უნდა, დაეთანხმა. უნდა გასცენ პასუხი კითხვას, რატომ არის მათი ქმედებები პირდაპირ თანხვედრაში რუსეთთან და ვის დავალებებს, როგორ ასრულებდნენ ისინი," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც საუბარია "მოღალატეობრივ ქმედებებზე" 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საკითხზე საჯარო სამართლებრივი პროცესი წარიმართოს.