"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომ არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომის შესახებ საჯარო სამართლებრივი პროცესი დაიწყება, ოპოზიცია ეხმაურება. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ამ საკითხზე დავას წერტილი დიდი ხნის წინ დაუსვა.
"ომის საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა წერტილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და სამართლებრივი კითხვებიც მოიხსნა ჰააგის გადაწყვეტილების შემდეგ. მუდმივი პედალირება ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ცრუ ნარატივებით ცდილობს ხელისუფლება საქართველოს უახლესი ისტორია რუსულად გადაწეროს," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
"ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თავად ტალიავინი ამბობს "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში, რომ ამ დასკვნით ყველაზე უკეთ სწორედ რუსეთმა ისარგებლა.
"ამ ანგარიშის გამოყენებას საკუთარი დღის წესრიგისთვის, მრავალი წელიწადია, ცდილობს ვლადიმერ პუტინი და აღნიშნული ინტერვიუ, რომელსაც "ქართული ოცნება" ახსენებს, ყურადღებით თუ წაიკითხეს, ალბათ ნახავდნენ, რომ თავად ამ ანგარიშის ავტორი ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც ისარგებლა ამ 2008 წლის ანგარიშით, იყო რუსეთი," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ჰაიდი ტალიავინი აცხადებს, რომ, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით მომზადებული დასკვნა სწორად იყო ფორმულირებული. "ცხინვალის ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან მათ ჰქონდათ უფლება, გაეთავისუფლებინათ საკუთარი მშვიდობისმყოფელები", - აღნიშნავს ის.
ინტერვიუს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია "მოღალატეობრივ ქმედებებზე" 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საკითხზე საჯარო სამართლებრივი პროცესი წარიმართოს.