პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარის განცხადებით, "გორბის" კვლევა ცხადყოფს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.
ოდიშარიას თქმით, ოპოზიციის რეიტინგი თანდათან შემცირდება.
"ოპოზიციის რეაქცია ბუნებრივია. მათ ნათლად დაინახეს, თუ რა კრახის წინაშე არიან. ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ახლა გაერთიანდნენ ხელოვნურად, კიდევ უფრო დააკნინეს ისედაც დაკნინებული რეიტინგი.
მათი რადიკალური დღის წესრიგი რაც უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო გაძლიერდება არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, მით უფრო მეტ ხმასა და მომხრეს დაკარგავენ. შესაბამისად, ამ შედეგებით და ჩვენი პროგნოზით, "ქართული ოცნება" მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების"თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, "გორბის" მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი რეალურია.
"ოპოზიციას რა სჯერა და რა არ სჯერა, მისი საქმეა. ძალიან კარგად იციან თავიანთი პროცენტები, "გორბის" კვლევაც არ სჭირდებათ, ისე იციან.
პროცენტი, რომელიც მიიღო "ქართულმა ოცნებამ", რეალურია. ეს არის საზოგადოების დამოკიდებულების შეფასება, რომელსაც ჰქვია სამშვიდობო, ეროვნული და სუვერენული პოლიტიკა", - განაცხადა ირაკლი კირცხალია.