გამოიძიებს თუ არა "ქართული ოცნება" 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებს არჩევნების შემდეგ - ამ კითხვას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე უპასუხა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ცხადი გახდება, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს მკაფიო გეგმები ამ მიმართულებით.
"უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ცხადი გახდება ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმები ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის მხოლოდ ზოგადი განცხადება - რეალურად, ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ და არ იყოს მუდმივად რევოლუციის მცდელობის რეჟიმში და ა.შ. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება არჩევნების შემდეგ.
რაც შეეხება დოკუმენტების როლს ამ გამოძიების პროცესში, რა თქმა უნდა როგორც ერთი ისე მეორე დოკუმენტი არის უშუალო მტკიცებულება. ერთ შემთხვევაში პირდაპირ ხელი მოაწერა, მხარი დაუჭირა რეზოლუციას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ამით მათ აღიარეს ომის დაწყება. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი დოკუმენტური მტკიცებულება, მათ მიერ ჩადენილ ღალატთან დაკავშირებით. და რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას, იქ ხელმოწერის პროცედურას არ ითვალისწინებდა, მაგრამ ისინი დაეთანხმნენ იმ მტკიცებულებებს და იმ დასკვნებს, რომლებიც იყო წარმოდგენილი ტალიავინის დოკუმენტში.
აქედან გამომდინარე ერთიც და მეორეც, როგორც ევროსაბჭოს დოკუმენტი, ასევე ტალიავინის დასკვნა არის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმ ღალატს, რომელიც ჩაიდინა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა. თუმცა ამის მიღმა მნიშვნელოვანია სხვა მტკიცებულებების გამოკვლევაც, იმისთვის რომ ცხადად აღსრულდეს სამართალი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც ამხელა ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას თავის დროზე 2008 წელს," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ჰაიდი ტალიავინი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით მომზადებული დასკვნა სწორად იყო ფორმულირებული. "ცხინვალის ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან მათ ჰქონდათ უფლება, გაეთავისუფლებინათ საკუთარი მშვიდობისმყოფელები", - აღნიშნავს ის.
ინტერვიუს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია "მოღალატეობრივ ქმედებებზე" 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საკითხზე საჯარო სამართლებრივი პროცესი წარიმართოს.